ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებასა და ISFED-ის
მიერ გამოქვეყნებულ მეორე შუალედურ ანგარიშში გამოთქმულ შენიშვნებზე, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.
-არჩევნების მოახლობასთან ერთად ქვეყანაში ვითარება თანდათან იძაბება. განსაკუთრებით იგრძნობა დაძაბულობა და დაპირისპირება ხელისუფლებისა და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ ნაწილს შორის. საიას და „სამართლიანი არჩევნების“ შემდეგ უწყებათაშორისი კომისია დატოვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ “ რაც, ბოლო წლების არცერთი არჩევნების წინ არ მომხდარა. გამართლებულია თუ არა მესამე სექტორის ეს ნაბიჯი?
-თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს და არა მთელ არასამთავრობო სექტორს. არასამთავრობო ორგანიზაციების ამ მცირე, მაგრამ გავლენიანი ჯგუფის პროტესტი იმის მომასწავებელია, რომ აღნიშნული ორგანიზაციები უფრო მეტად მკაცრნი იქნებიან არჩევნების შეფასებებში, თუკი რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ და ცესკომ მათ ამის საბაბი მისცეს. ისინი ხელისუფლებას უმცირეს გადაცდომასაც დააფიქსირებენ. გასულ არჩვნებზე ურთიერთობა ხელისუფლებისა და არასამთავრობოებს შორის ასე გამწვავებული არ იყო. შესაბამისად, ეს ორგანიზაციები უმნიშვნელო საარჩევნო ხარვეზებს აფიქსირებდნენ. თუმცა ანგარიშში წერდნენ, რომ მათ გავლენა არ მოუხდენიათ საარჩევნო პროცესზე. ამჯერად, მათი შეფასებები და ფორმულირებები მსგავს სიტუაციებზე სავარაუდოდ, უფრო ხისტი და ხელისუფლებისთვის მტკივნეული იქნება. მეორეს მხრივ, როდესაც წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ვეღარ ხედავენ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსს, ხელისუფლებისათვის კარგი სიგნალი არ არის. ეს გზავნილი საერთაშორისო ორგანიზაციებამდეც მივა და შესაბამისად, გაჩნდება კითხვები. ჩემი აზრით, არასამთავრობების ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გამოწვეულია იმ უარყოფითი ემოციებით, რაც მათ მიმართ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ გაისმა. ამას მოჰყვა საკმაოდ ხისტი კრიტიკა, რაც მათთვის ერთგვარი მოულოდნელობა აღმოჩნდა. შესაძლოა უწყებათაშორისი კომისიის ასეთი ხმაურიანი დატოვება იყო ამ ორგანიზაციების პასუხიც და გაფრთხილებაც ხელისუფლებისადმი, რომ ამიერიდან, მათ ოპონენტთა რიგებს ახალი სუბიექტები შეემატა. ისე კი, თუ აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ უწყებათაშორისი კომისიის ფორმატმა თავი ამოწურა, მაშინ კრიტიკის პარალელურად, საბჭოს რეფორმირების შესახებ, საკუთარი ხედვაც უნდა წარმოადგინონ.
-რას მოასწავებს ეს პროტესტი და როგორ აისახება არსებული დაძაბულობა არჩევნებზე?
-სამოქალაქო სექტორთან ხელისუფლების დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის უფრო მეტად ამაში დამნაშავე, დასავლეთში კარგ ტონად არ აღიქმება და ხელისუფლებას ვურჩევდი არა მხოლოდ დაფიქრდეს ამაზე, არამედ კონკრეტულად იმოქმედოს და ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დიალოგი გამართოს, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს. არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიცია შეეცადოს საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს არასამთავრობოების ეს დემარში. სიტუაციას დინამიკაში უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, რა პოზიციას დაიკავებენ აღნიშნული ორგანიზაციები, რაც გამოჩნდება მათ განცხადებებსა და საარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშებში. მეორეს მხრივ, არასამთავრობოების ეს დემარში ხელისუფლებას აიძულებს ფორმაში იყოს, მაქსიმალურად დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობა და არ დაუშვას მცირე დარღვევებიც კი.
-არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები მიზანმიმართულად ცდილობენ მათ დისკრედიტაციას, რაც მესამე სექტორის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში და შეფასებებშიც აისახა. რა დარღვევბზე მიუთითებენ დამკვირვებელი ადგილობრივი ორგანიზაციები წინასაარჩევნო პერიოდში?
-დიახ, გავეცანი რამდენიმე ანგარიშს, რომლებიც ჩემი აზრით, გამოვლენილი დარღვევების რაოდენობითა და ხარისხით დიდად არ განსხვავდება წინა არჩევნებზე გამოქვეყნებული ანგარიშებისგან. უარყოფითი შეფასებების გარდა პოზიტიურ შეფასებებსაც ამოიკითხავთ. ანგარიშში მთელი თავი ეთმობა „ომეგა-ჯგუფთან“ დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებს და ეს თემა მიბმულია არჩევნებთან. ანგარიშის გამოქვეყნების დროს, ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული ამ ჩანაწერების ავთენტურობა და საუბრების მონაწილეთა შეფასებები არ შეიძლება ჩაითვალოს უკვე დადასტურებულ ფაქტებად, რაც ცალსახა დასკვნების გაკეთების საფუძველიც ვერ იქნება.
ჩემი დაკვირვებით, ანგარიშებიდან მაინც არ ჩანს, რომ საარჩევნო დარღვევების სიხშირემ და ხარისხმა იმატა და რომ საარჩევნო გარემო საგანგაშოა. ISFED ბოლო ანგარიშში რამდენიმე ადგილას ხაზგასმულია, რომ ხდება არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე კოორდინირებული თავდასხმა, არის მოწოდება შეწყვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა. ამავე დროს, გაურკვეველია სად გადის ზღვარი კრიტიკასა და თავდასხმას შორის. თუკი ერთ მხარეს აქვს უფლება გააკრიტიკოს მეორე, იმ მხარესაც აქვს ანალოგიური უფლება და ზოგადად კრიტიკის მონათვლა „თავდასხმად“ არ მეჩვენება სწორად. არცერთი ორგანიზაცია, მითუმეტეს არასამთავრობო, არცერთი მედია საშუალება, ოფიციალური პირი თუ ენჯეო-ლიდერი არ უნდა გაურბოდეს კრიტიკას, თუნდაც მწვავეს და ამას „თავდასხმად“ არ უნდა ნათლავდეს.
საარჩევნო გარემოზე დაკვირვების ეს ანგარიშები რასაკვირველია არა მხოლოდ ადგილობრივი აუდიტორიისათვის არის განკუთვნილი. მათ ეცნობიან საელჩოებში, საერთაშორისო ორგანიზაციბში, მისიებში და ეს ტერმინები -„არასამთავრობო სექტორზე თავდასხმა, ზეწოლა“ აღიქმება, როგორც წითელი ნაჭერი ხარისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არჩევნებზე მოსალოდნელი დაძაბულოს განმუხტვის მიზნით, ხელისუფლება უნდა გამოვიდეს არასამთავრობოებთან შეხვედრისა და მოლაპარაკების ინიციატორად.