გთავაზობთ ინტერვიუს ერიკ ხიოგთან, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელად
საქართველოში 2017 წელს დაინიშნა-იგი პროფესიული დიპლომატია, ადრე დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. EUMM-ის მისიის მანდატი ამჟამად მთელ საქართველოზე ვრცელდება, მაგრამ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება უარს აცხადებს დაუშვას მისიის წევრები მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე“.
El Mundo-ს კორესპონდენტი ჰავიერ კოლასი EUMM-ის მისიის მეთაურს ერიკ ხიოგს ესაუბრება. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- რას იტყვით „საზღვრების“ ახალ მონიშვნებზე?
- ამჟამინდელი მდგომარეობით, სადემარკაციო ხაზის გასწვრივ სასაზღვრო ბარიერები და მავთულხლართები უკვე არსებობს აფხაზეთთან მიმართებით - 32 კილომეტრზე და სამხრეთ ოსეთთან - 58 კილომეტრზე. ისინი რუსმა და ოსმა მესაზღვრეებმა დააყენეს, მათივე უსაფრთხოების ძალების მონაწილეობით. ამ ბარიერებითა და მავთულხლართებით იზღუდება ადამიანთა მოძრაობა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებს შორის. ცხადია, ეს ყველაფერი ნეგატიურად მოქმედებს ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ პრობლემები ექმნებათ განათლების მიღების, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაში, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში... გარდა ამისა, მავთულხლართებით ოჯახებიცაა გაყოფილი.
- რის გაკეთებაა აუცილებელი მშვიდობის შესანარჩუნელად?
- ბევრი რამ უნდა გაკეთდეს ნდობის აღდგენისათვის. რადგანაც ჩვენ არ შეგვიძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე შესვლა, ამიტომ ვსარგებლობთ შორი რადიუსით მოქმედების მქონე სატელევიზიო კამერებით, ვაანალიზებთ ღია წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციებს, ვსაუბრობთ იმ ადამიანებთან, რომლებიც ადმინისტრაციულ-სადემარკაციო ხაზზე გადმოდიან და ამრიგად, საქმის კურსში ვართ, რა ხდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. კიდევ ერთი პრობლემაა რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და რუსული სამხედრო არსებობა როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე აფხაზეთში, რაც 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს.
- ომის დასრულებიდან უკვე ათი წელი გავიდა. შეიძლება რაიმე პოზიტიურ ძვრებზე ლაპარაკი?
- 2008 წლის შემოდგომაზე მოსახლეობას ეშინოდა, რადგან საბრძოლო მოქმედებების განახლება რეალური იყო. ძნელია იმის თქმა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები EUMM-ის მისიის გარეშე. აქედან გამომდინარე, ის, რომ სამხედრო კონფლიქტი ხელახლა არ დაიწყო, შეიძლება სერიოზულ მიღწევად ჩაითვალოს. ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გადასაწყვეტად ჩვენ უზრუნველყოფილი ვართ პირდაპირი სატელეფონო კავშირით, რისი მეშვეობითაც სადემარკაციო ხაზის ორივე მხარეს არსებული უსაფრთხოების ძალები ერთმანეთთან ინფორმაციებს უცვლიან და ამით ინციდენტებს არეგულირებენ მათი წარმოქმნის მომენტისთანავე. ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა მოქალაქეების დაკავების ფაქტებს, ასევე სამედიცინო ტრანსპორტის მოძრაობის უზრუნველყოფას. ამ შემთხვევაში პირდაპირი ხაზს შეიძლება „ადამიანების სიცოცხლის გადამრჩენელიც“ კი ვუწოდოთ. ასევე უნდა ითქვას ინციდენტებზე რეაგირებისა და მათი თავიდან აცილების მექანიზმზეც, რომლის ჩარჩოებში სადემარკაციო ხაზის ორივე მხარეს არსებული ადმინისტრაციები ერთმანეთს პირადად ხვდებიან და უსაფრთხოების პრაქტიკულ საკითხებს აგვარებენ. მხარეტა წარმომადგენლების ყოველთვიური თათბირებსაც თავისი წვლილი შეაქვს ნდობის განმტკიცებაში, თუმცა ამ შეხვედრებზე საკითხების განხილვა ხშირად საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობს ხოლმე.
წყარო: «El Mundo» (ესპანეთი)