ბიატლონში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა ლაურა დალმაიერმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა
მიუნჰენის გაზეთ Münchner Merkur-ს, რომელშიც გერმანელი სპორტსმენი ჟურნალისტ არმინ გიბისს საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებზე ესაუბრება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- თქვენ ბოლო თვეებში იშვიათად ჩანხართ. ამისთვის რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არსებობს?
- ოლიმპიადის შემდეგ მე პირველად ვისარგებლე შვებულებით, ვიყავი საქართველოში მოთხილამურე ტურისტად.
- და რით მოგხიბლათ საქართველომ?
- თავგადასავლებით! იქ სრულიად სხვა კულტურას, სრულიად სხვა სამყაროს ეზიარებით... საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი რამ ორიგინალური და ხელუხლებელია...
- მოგვიყევით თქვენს შთაბეჭდილებებზე...
- ჩვენ ვიყავით უშგულში, საქართველოს ყველაზე მაღალმთიან სოფელში. ჯიპით 35 კილომეტრის გავლას მთელი სამი საათი მოვუნდით. ავტომანქანაში სამნი ვიჯექით - ჩვენი ტვირთით, თხილამურებით. გზა უსწორ-მასწორო, ორმოებიანი იყო, უზარმაზარი ქვებით და კლდეებიდან გადმოსული ჩანჩქერებით. მანქანა ისე ირყეოდა, რომ სახელურებს მთელი ძალით ვიყავი ჩაფრენილი. უშგული უპირველესად თავისი მე-10 საუკუნის კოშკებითაა განთქმული და ამიტომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ზამთრობით სოფელი ხშირად ჩაკეტილია, გზები დათოვლილია და მოსახლეობა ვერ გადაადგილდება, სოფლის ქუჩებში ძროხები დასეირნობენ. აბა, წარმოიდგინეთ: ვდგავართ ჩვენი სპორტული ფერადი ტანსაცმლით და თხილამურებით შუა სოფელში, ირგვლივ კი ეგზოტიკური პეიზაჟია.
უშგულში იმ ადამიანის ოჯახში ვცხოვრობდით, რომელიც სოფლის ადგილობრივი მმართველიც იყო და მუზეუმის კურატორიც. ზოგჯერ ელექტროდენიც გვეთიშებოდა ხოლმე, მაგრამ ამაზე არ ვდარდობდით, რადგან ეს უშგულში ჩვეულებრივი ამბავია. იქაური ქალები საჭმელს ქვის ღუმელებში ამზადებენ. მოკლედ, იქ რომ მოხვდები, თავს სრულიად სხვა სამყაროში იგრძნობ.
- და იქიდან სად წახვედით სათხილამურო ტურით?
- ო, იქიდან თეთნულდზე ავედით, 4800 მეტრზე ზღვის დონიდან. ბოლო 450 მეტრი უკვე თხილამურების გარეშე ვიარეთ. თეთნულდი შეიძლება მონბლანს შევადაროთ. საოცარი შეგრძნებაა, როცა მთაზე დგახარ და სივრცეს გასცქერი.
წყარო: «Münchner Merkur» (გერმანია)