რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის
წამყვანმა მაიკლ ნაკმა და ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ. საუბრის თემა - რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „პირდაპირი ხაზი“ (საუბარი რუსეთის მოქალაქეებთან პირდაპირი ეთერის რეჟიმში) და მასთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც მაქსიმ შევჩენკომ აღნიშნა, რუსეთში დემოკრატიული უფლებები და თავისუფლებები თვალდათვალ იზღუდება. „ვინც ამ პირდაპირ ხაზს ამზადებდა, სწორედ ისინი მთელი ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აკონტროლებენ. ისინი რუსებს მუხლზე დაჩოქილი სახით ხედავენ, რომლებიც პრეზიდენტს ემუდარებიან, გადაგვარჩინეო. ვფიქრობ, ეს საშინელებაა. ეს ყველაფერი საგარეო პოლიტიკაზეც აისახება“, - აღნიშნა მაქსიმ შევჩენკომ და თვალსაჩინოებისათვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები დაასახელა.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს საუბრიდან:
„მაქსიმ შევჩენკო: მე ისევ მინდა დავუბრუნდე ჩემს საყვარელ საქართველოს, სადაც ამჟამად ძალიან სერიოზული და მძიმე მოვლენები მწიფდება. იმიტომ, რომ იქ, ასე ვთქვათ, „ახალი ტალღა“ იქნება - ამერიკელები ახალ გადატრიალებას, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ამზადებენ.
მოკლედ რომ გადავხედოთ რუსულ-ქართული პოლიტიკის ისტორიას, დავინახავთ, რომ გაუგებარია, რით ხელმძღვანელობდა რუსეთი საქართველოსთან მიმართებით. ზვიად გამსახურდია ღირსეული ადამიანი იყო. მას არასდროს უთქვამს - საქართველო მხოლოდ ქართველებისთვისო. ზვიადი, სხვათა შორის, ჯორჯ ბუშ-უფროსის წინააღმდეგ გამოდიოდა. ზვიადმა მხარი დაუჭირა „გკჩპ“-ს (Госуда́рственный комите́т по чрезвыча́йному положе́нию), შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით საბჭოთა პატრიორიც კი იყო. ზვიადი დაამხეს და მოკლეს იმათ, ვინც მოსკოვში 1990-იანი წლების დასაწყისში ლიბერალურ-კორპორატიულ პოლიტიკას აყალიბებდა. ზვიად გამსახურდია აფხაზეთის ომის მოწინააღმდეგე იყო, იგი ცდილობდა აფხაზებთან მოლაპარაკება ეწარმოებინა. თენგიზ კიტოვანი, სხვათა შორის, ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ზვიადი დაამხო, იგი ახლა მოსკოვში ცხოვრობს. ჯაბა იოსელიანმა ედუარდ შევარდნაძე ჩაიყვანა თბილისში. საწყალი ედუარდი დაამხეს, მის ნაცვლად კი იგორ ივანოვმა მიხეილ სააკაშვილი მიიყვანა ხელისუფლებაში... ანუ ივანოვი ედუარდ შევარდნაძესთან კი არ ჩასული, არამედ ფაქტიურად, მიხეილ სააკაშვილთან. რუსეთის ხელისუფლებამ თვითონ შექმნა თავისი მტრები და ახლაც ასე აგრძელებს. (...)
რატომ გავიხსენე თბილისი? ამას წინათ იქ მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი იყო ჩასული, რომელიც პირადად იცნობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, იგი პატრიარქის ახლოს გაიზარდა, ქართულ ენას თავისუფლად ფლობს, მას საქართველოს ეკლესიაში პატივს სცემენ და აფასებენ. ილარიონ ალფეევი თბილისში მნიშვნელოვანი მისიით ჩავიდა - მოლაპარაკებისთვის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ იქნება აღიარებული, თუ ქართული ეკლესია, ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანულ სამყაროში, მას არ აღიარებს. ილარიონის თბილისში ყოფნის დროს „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ საზღვარზე, ვითომდა მესაზღვრეებმა, ქართველი ღვთისმსახური დააკავეს, რაც ქართულ საზოგადოებას რუს მიტროპოლიტ ილარიონთან მოლაპარაკების წინააღმდეგ განაწყობს... ამის შესახებ არავითარი ცნობა არ გავრცელებულა. მისი დაკავების ფაქტი ქართულ-რუსული ურთიერთობის ჩასაშლელად მიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს. (...)
თქვენ არ გესმით, ვინ არის პატრიარქი ილია მეორე ქართველი ხალხისათვის, ქართველების უმეტესი ნაწილისათვის, მაგრამ არა სააკაშვილისტებისათვის, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად არიან ქართველები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ქართული ეკლესიის დამცირება-შეურაცხყოფის მიზნით, პატრიაარქის წინააღმდეგ. მე ძალიან კარგად ვიცნობ ქართველებს. ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. მაგრამ ის, რაც მათ გააკეთეს, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრებმა... იცით.. ისინი ფორმით და ენით ქართველები არიან, მაგრამ ანტიქართულ პოლიტიკას ატარებდნენ. ჰოდა, პატრიარქმა თქვა, რომ ყოველი მესამე ახალდაბადებული ბავშვისათვის იგი ნათლია იქნება. ილია მეორე რეალურად ერის მამაა. იგი საქართველოში ყველაზე პატივცემული და ყველაზე პოპულარული ადამიანია.
საქართველოს მთავრობაში თითქოსდა ნორმალური ადამიანები არიან, მაგრამ ისინი რაღაც უნებისყოფო და ძალიან ინტელიგენტურები ჩანან... ბიძინა ივანიშვილი თავისთავად ცუდი კაცი არაა, მაგრამ ოლიგარქს ქვეყნის მართვა არ შეუძლია.
იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ - ეს ტრაგედიაა. იმიტომ, რომ საქართველო რუსეთისათვის მთავარ ქვეყანას წარმოადგენს. მაგრამ ლობისტური ძალისხმევა საქართველოს რუსეთის მტრად აქცევს - ძალისხმევა იმ ძალებისა, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებაში ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მოვიდნენ. მათ შექმნეს კორპორაცია და საქართველოსთან ერთობას ხელს უშლიან. საქართველოში არის რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებიც ნორმალური ხალხია, მაგრამ მთლიანობაში...
მაიკლ ნიკი: მხოლოდ რამდენიმე?
მაქსიმ შევჩენკო: დღეს საქართველო, ჩემი აზრით, დაუცველია ახალი გადატრიალების წინაშე, რომელსაც ამერიკელები განახორციელებენ, მიხეილ სააკაშვილის გუნდის დაბრუნების წინ. და რაც ყველაზე ცუდია, მათ ვიღაცეები მოსკოვიდანაც მხარს უჭერენ. მე გავიხსენე იგორ ივანოვი, რომელმაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ლეგალიზება მოახდინა. მიხეილ სააკაშვილმაც მას მხარი დაუჭირა... ჰოდა, რა უნდა დააბრალო ამერიკელებს, როცა აგერ მოსკოვში, რუსეთის ხელისუფლებაში ამერიკული „მეხუთე კოლონა“ ზის, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ...
მაიკლ ნიკი: გასაგებია. ესე იგი, ყველაფრის უკან ამერიკელები დგანან... ძალიან მოსახერხებელია ასე თქმა...
მაქსიმ შევჩენკო: დიახ, მათი აგენტურა დგას, რომელიც რუსეთს და საქართველოს საბითუმოდ და საცალოდ ჰყიდიან. ამით ისინი ანადგურებენ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების ნამდვილ ხასიათს, მათ ბუნებას. ამიტომაც, შეხედეთ, ილარიონის ვიზიტის შესახებ რუსეთის არცერთ მასმედიას არაფერი გაუვრცელებია. ანუ გამოდის, რომ ჩვენი ეკლესია პოლიტიკის ნაწილი აღარ არის? საქართველოსთან ურთიერთობაში კი ეკლესია დღეს მთავარ როლს ასრულებს. ეკლესია ერთადერთი ტოტია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, რომელიც ჯერ ვერავინ გადაჭრა.
წყარო: «Радио Эхо Москвы» (რუსეთი)