ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილი ასისტენტი ეველინ ფარკასი აცხადებს, რომ ამერიკასა და
საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება დიდი წინსვლაა. ის ასევე დასძენს, რომ ჯავშან-საწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინები," რომელსაც ამერიკა თბილისს მიჰყიდის, რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ ნებისმიერი ახალი სამხედრო თავდასხმა საქართველოზე მოსკოვს ძვირი დაუჯდება.
"ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ფარკასს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ესაუბრა.
- ეველინ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. რას ფიქრობთ საქართველოსთვის „ჯაველინების" მიყიდვაზე?
- ვფიქრობ ეს არა მარტო დროული, არამედ ცოტა დაგვიანებული გადაწყვეტილებაც კია. 2012-დან 2015 წლამდე თავდაცვის სამ სხვადასხვა მდივანს მე პირადადვურჩევდიჯაველინების მიყიდვის გადაწყვეტილების მიღებას. ობამას ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების მიღება არ სურდა, რამაც საკითხი ღიად დატოვა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ძალიან მიხარია, რომ საბოლოო ჯამში, საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა. ახლა მთავარი საკითხი ისაა, თუ როგორ გადაიხდის იარაღის საფასურს საქართველო. ჯერ არ ვიცით გამოყოფს თუ არა ამერიკის მთავრობა საქართველოსთვის იმდენ დახმარებას, რომ ჯაველინების სრული ფასი დაიფაროს. თუმცა, საქართველოს, სავარაუდოდ ექნება სისტემის ეტაპობრივი შესყიდვის საშუალება. მთავრობას მოვუწოდებ, იმოქმედოს სწრაფად და გააკეთოს ყველაფერი ამ იარაღის მისაღებად.
ეს თავდაცვითი იარაღია, რომელიც რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ ნებისმიერი ახალი თავდასხმა საქართველოზე მოსკოვს ძვირი დაუჯდება - დაიღუპებიან რუსი ჯარისკაცები და განადგურდება რუსული ტანკები.
- საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი რუსეთს მხოლოდ გააღიზიანებს. როგორ აფასებთ ამ მოსაზრებას?
- რუსები ყოველთვის იქნებიან გაღიზიანებული საქართველოს მთავრობის ამა თუ იმ ნაბიჯით. ადამიანებმა უბრალოდ უნდა შეიმუშავონ უნარი ყურადღება არ მიაქციონ რუსეთის გაღიზიანებულ მდგომარეობაში ყოფნას. სხვა რისი გაკეთება შეუძლიათ გარდა იმისა, რომ ისაუბრონ იმაზე, რომ გაღიზიანებული არიან. ეს თავდაცვითი სისტემაა, რომლის ერთადერთი მიზანი რუსეთის მხრიდან დამატებითი სამხედრო მოქმედების შეკავებაა. ამ იარაღს რეგიონში სამხედრო ბალანსის შეცვლა უბრალოდ არ შეუძლია და ეს ყველამ იცის. გარდა ამისა, საქართველოს მხრიდან ამ მიზნის დასახვა სრულიად წარმოუდგენელია, ჯაველინები აუცილებელი იარაღია იმისთვის, რომ საქართველოს თავის დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს.
- თავდაცვითი იარაღის ყიდვა საქართველოსთვის უპირობოდ დადებითი შენაძენია. ამ ნაბიჯისგან დამოუკიდებლად, როგორ აფასებთ ადმინისტრაციის პოლიტიკას საქართველოს მიმართ?
- ვფიქრობ, მიმდინარე პოლიტიკა ობამას პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც თავის მხრივ, ჯორჯ ბუშ უმცროსის პოლიტიკის გაგრძელება იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ამერიკის ყველა ადმინიტრაცია აღიქვამს, როგორც ახლო პარტნიორს, რომელთანაც მომავალშიც გვინდა თანამშრომლობის გაგრძელება. ასე გვსურს დავინახოთ დემოკრატიულად უფრო ძლიერი საქართველო, რომელიც რეგიონში ეკონომიკური ძალა იქნება და რომელსაც საკუთარი საზღვრის დაცვა შეეძლება. მიუხედავად იმისა, თუ რას შეიძლება ფიქრობდეს ხალხი ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან კავშირზე, ვფიქრობ საქართველოს მიმართ პოლიტიკა უცვლელი რჩება. დონალდ ტრამპის შემთხვევაში კი, „ჯაველინების“ მიყიდვის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ადმინისტრაცია საქართველოს დღეს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს.
- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც დღეს მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი პირია, ცოტა ხნის წინ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. რას ფიქრობთ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობაზე უკრაინაში?
- პირველ რიგში, ვფიქრობ, ეს შოუმენობა, დიდი შოუს მოწყობის მცდელობაა. ასეთი საქციელი არაკომფორტულობის განცდას მიჩენს. ვფიქრობ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს უკრაინის გარდაქმნას და რეფორმების გატარების დაჩქარებას როგორც თვითონ ამბობს. მაგრამ მე პირადად, მისი სტილი არ მომწონს და ეს ჩემი პირადი შეხედულებაა. მიუხედავად ამისა, იმ საკითხებზე, რომლებზეც ის საუბრობს, უკრაინის საზოგადოების ერთი ნაწილი ყურადღების ცენტრშია. სააკაშვილი უკრაინაში კორუფციის აღმოფხვრას ცდილობს და იმ ადამიანების ხმას წარმოადგენს, რომლებიც ამბობენ, რომ პრეზიდენტიპეტრო პოროშენკო რეფორმებს სწრაფი ტემპით არ ახორციელებს. მიხეილ სააკაშვილს შეუძლია უკრაინის მთავრობაზე ზეწოლის განხორციელება. თუმცა, გზა რომელიც მან აირჩია ვფიქრობ საშიშია. უკრაინის მთავრობა და მთლიანად ქვეყანა ძალიან სუსტია. მიხეილ სააკშვილი საკუთარი მიზნის მისაღწევად ბრბოს იყენებს, რაც არც დემოკრატიული მეთოდია და არც პროცედურული მიდგომა.
- თუ სწორად გავიგე, თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილი უკრაინის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის...
- თუ ფრთხილად არ მოიქცა, ის უკრაინის სტაბილურობას საფრთხეში ჩააგდებს და ამით ვერც უკრაინა მოიგებს და ვერც საქართველო. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ვითარებით ისარგებლებს, ვლადიმირ პუტინია.
- თქვენი აზრით სააკშვილი საქართველოს სტაბილურობას საფრთხეს უქმნის?
- ასეთ კავშირს ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ საქართველოში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ამ თეატრალურ წარმოდგენებს. მაგრამ ამასთან ერთად, საქართველოს შიგნით არანაკლები თეატრალურობაა ბევრი გამოწვევით, მათ შორისაა, პარტიებს შორის დაპირისპირება, მედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება, განმჭვირვალობა და სხვა. საქართველოს საკუთარი საზრუნავი საკმარისად აქვს დამატებით რომ არ დაიმატოს. თუმცა ერთი რაც საქართველომ, ვფიქრობ, უნდა გააკეთოს, უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამოჩენაა. ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ერთიანობა.