უკრაინის გაზეთ «КП в Украине»-ში გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ საქართველოს
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სათაურით „მე და პეტრო პოროშენკოს სხვადასხვა ცხოვრებისეული პრინციპები გვაქვს“ (ესაუბრება ჟურნალისტი ოქსანა ბოგდანოვა).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ამ დღეებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვენ განაცხადეთ, რომ ახლავე შემიძლია საქართველოში წასვლა, მაგრამ არ მინდაო. რატომ არ გსურთ?
- ახლავე წავიდე? რისთვის? ძვირფასი დრო დავკარგო ქართულ სასამართლოებში სიარულისთვის, როცა მთელ მსოფლიოში უნდა დავდიოდე და ადამიანებს სიმართლეს უნდა ვუყვებოდე? როცა მე აქ საქმე უნდა ვაკეთო? მე ოლიგაქრების გეგმის მიხედვით არ ვითამაშებ. მე ბრძოლას ვაგრძელებ. შეხედეთ, [ოლიგარქი ვადიმ] რაბინოვიჩი აცხადებს, რომ თითქოს მაიდანზე ხალხს ჩემი ბრძანებით ხვრეტდნენ, შემდეგ კი იტალიური ტელეარხი ჩემზე ფილმს აჩვენებს. ვინაა ამაში ჩართული? თვითონ ბერლუსკონი, ანუ იტალიელები. ქართველებიც, ხელისუფლების მეშვეობით. უკრაინელებიც, ვადიმ რაბინოვიჩით. ეს ბრძოლის საერთო ფრონტია. ამ ომში მე უნდა დავამტკიცო საკუთარი სიმართლე. მაგრამ ვის? რუსი ოლიგარქის წინაშე? ჩვენ ყველგან უნდა ვიბრძოლოთ - ევროპაშიც, უკრაინაშიც, საქართველოშიც. უნდა ვიომოთ იდეოლოგიურად....
- მაგრამ შესაძლოა თქვენი დეპორტირება მოახდინონ...
- რა თქმა უნდა, ჩემი დაჭერა შეუძლიათ. მე ამას ჯერ კიდევ მაშინ ვაცნობიერებდი, როცა უკრაინაში დავბრუნდი. მაგრამ ეს სხვა ისტორიაა. 2013-ში ჩემი დაპატიმრება და საპყრობილეში ჩასმა შეეძლოთ, მაგრამ დღეს საქართველოში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლა. მოსახლეობა ძალიან დიდ ნოსტალგიას განიცდის ჩემი მმართველობის პერიოდზე, აქედან გამომდინარე, მე თუ დამიჭერენ, ეს დიდ სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს. მე სულაც არ მინდა, რომ საქართველოში [ჩემს გამო] შეტაკებები მოხდეს, არ მინდა, რომ რუსეთის პროვოცირება მოვახდინო. დღეს ჩვენი ბრძოლის ფრონტი უკრაინაშია. მაგრამ თუ მე საქართველოს გადამცემენ, სხვა გზა არ მრჩება, ვიბრძოლებ. ბუნებრივია, ასეთი სცენარისათვის მზად ვართ. ყველა შემთხვევაში [ბარიერებს] გავარღვევთ.
წყარო: «КП в Украине» (უკრაინა)