თბილისის ახლადარჩეულმა მერმა და წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ექსკლუზიური
ინტერვიუ მისცა რუსეთის გაზეთის „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ჟურნალისტს მიხეილ პუშკარსკის.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას:
- ბატონო კახა, გილოცავთ მერად არჩევას. აგვიხსენით, რატომ გაცვალეთ ენერგეტიკის მინისტრის პორტფელი ქალაქის თავის სავარძელზე, თუნდაც ის დედაქალაქი იყოს?
- გმადლობთ! რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ჩემთვის საინტერესო იყო საკუთარი თავი ახალ სარბიელზე გამომეცადა, ახალი გამოწვევა მიმეღო. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - შევძლებ დედაქალაქში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას. ამიტომაც დავთანხმდი ჩემი პარტიის შეთავაზებას.
- თქვენ მხარი დაგიჭირათ არჩევნებზე მოსულმა ყოველმა მეორე ამომრჩეველმა. რას ნიშნავს ეს - თქვენი მუშაობის შეფასებას ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში ბოლო ექვსი წლის მანძილზე თუ ცნობილი ფეხბურთელის დიადი მიღწევების დაფასებას?
- ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ რაციონალურები არიან და საკუთარი ქალქი ძალიან უყვართ, ამიტომ მათი გადაწყვეტილება თბილისის მერად არჩევაზე ფეხბურთში ჩემს ყოფილ დამსახურებასთან დაკავშირებული არ არის. კი, ფეხბურთი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია, გულშემატკივრები ამით ამაყობენ, მაგრამ პოლიტიკურ არჩევნებში მათ ხმა ჩემთვის მხოლოდ ამის გამო არ მოუციათ.
- თუ სპორტულ ტერმინოლოგიით ვისარგებლებთ, ოპოზიციამ [მატჩი დათმო] „ქართული ოცნების“ აშკარა უპირატესობის გამო. რამდენად კმაყოფილია ქართველი ხალხი ცხოვრებით, როცა ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს?
- ხალხი განვითარების სწორ გზას ხედავს, ადამიანები რეფორმის ნაყოფს გრძნობენ. მათთან ურთიერთობის დროს ყოველთვის ვამბობ ხოლმე - კარგია ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ერთს ავიქნევ და ყველა პრობლემა წამში მოგვარდება-მეთქი, მაგრამ რადგანაც ჯოხი არ გვაქვს, ჩვენ დაპირებებს თანდათან, ეტაპობრივად ვასრულებთ. ბიზნესის დატერორება, დაშინება, დაშანტაჟება, უკანონობა, მკურნალობისთვის ზღაპრული თანხების ხარჯვა, ძვირი სასკოლო სახელმძღვანელობი - ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ჩვენ წარმატებით დავიწყეთ პროგრამა მცირე ბიზნესისათვის - „წარმოებულია საქართველოში“. ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით ვუზრუნველყავით მთელი რიგი სოფლები, სადაც ადამიანები ათწლეულობით ელემენტარული პირობების გარეშე ცხოვრობდნენ. წინ კიდევ მილიონი საქმეა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მოსახლეობა ჩვენ გვენდობა. მართალია, ხშირად გვაკრიტიკებს კიდეც, მაგრამ ხელისუფლების კრიტიკა ხომ სრულიად ნორმალური მოვლენაა დემოკრატიული საზოგადოებისათვის...
- როგორც ყოველ არჩევნებს, ამ არჩევნებსაც ბრალდებებისა და კომპრომატების გარეშე არ ჩაუვლია.. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მუშაობს ადმინისტრაციული რესურსი რუსეთში, მაგრამ ვფიქრობდით, რომ საქართველოში მისმა გამოყენების შესაძლებლობა წარსულს ჩაბარდა. ახლა კი გვესმის, რომ თქვენს სასარგებლოდ ამომრჩეველთა სიებს თითქოსდა საბავშვო ბაღების დირექტორებიც ადგენდნენ...
- საქმეც მაგაშია, რომ „თითქოსდა ადგენდნენ“. სინამდვილეში კი ყველაფერი ცივილიზებულად და კანონიერად ჩატარდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები საქართველოს ყველა რეგიონში დადებითად შეაფასეს.
(...)
- ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ თბილისის ახალ მერთან კახა კალაძესთან არ ითანამშრომლებენ. უარყოფითად იქნა მოხსენიებული კონტრაქტი სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებითაც...
ეს კახა კალაძესთან თანამშრომლობა კი არ არის, არამედ ქალაქთან თანამშრომლობაა. თუ ვინმეს რაიმე წვლილის შეტანა შეუძლია თბილისის განვითარებაში, მაგრამ ამას არ აკეთებს, მაშინ რომელ პატრიოტიზმსა და პასუხისმგებლობაზე უნდა ვილაპარაკოთ? ასეთი არაკონსტრუქციული პოზიცია მხოლოდ ეგოისტურ და მერკანტილურ ადამიანებს შეუძლიათ, ამით ხალხს ვერ მოატყუებ. გაზის საკითხით კი უკვე საკმაო ხანია დაკავებული აღარ ვარ, ენერგეტიკის მინისტრის პოსტი რამდენიმე თვის წინ დავტოვე...
- რის გაკეთებას აპირებთ თბილისის აყვავების მიზნით ძალთა კონსოლიდაციის საქმეში, ეს, ალბათ, რთულია...
- ჩვენი მერიის კარი ყველასათვის ღია იქნება, ვისაც თანამშრომლობის სურვილი აქვს, ვისაც ამის ძალა და უნარი შესწევს. ყველას ველოდებით!
- საქართველოს დედაქალაქი დიდი ხანია „ტურისტების მექად“ ითვლება, თუმცა ნათქვამია, სრულყოფას საზღვრები არ აქვსო. რა გაქვთ ჩაფიქრებული თბილისის შემდგომი გალამაზებისა და მიმზიდველობისათვის?
- წესრიგის დამყარება რიგ საკვანძო პოზიციებზე - მშენებლობებზე, რეკრეაციულ ზონებში, ეკოლოგიის სფეროში. უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ დედაქალაქის ძველ უბნებზე, დამატებით ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე.
- რამდენი რუსი მოქალაქე ჩამოდის თბილისში ყოველწლირად? გაქვთ მონაცემები?
- მიმდინარე წელს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, საქართველოს მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე ეწვია.
- თბილისის გარეგნული სახე ქალაქის მთავარ პრობლემას არ წარმოადგენს, ქალაქელებს უფრო მეტად ენერგეტიკული პრობლემები აღელვებთ... ახლა გათბობის სეზონი იწყება, მასთან ერთად კი ელექტროენერგიის წყვეტა, გაზით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები...
- თქვენ ძალიან ძველი მონაცემები გაქვთ. დღეს ყველაფერი ნორმალურია - ქალაქი ელექტროენერგიითაც კარგადაა უზრუნველყოფილი და გაზით მომარაგებითაც.
- ხშირად გაქვთ ურთიერთობა „ქართული ოცნების“ დამაარსებელ ბიძინა ივანიშვილთან? რამდენად ახდენს იგი გავლენას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე?
- ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ, მუდმივად გვაქვს აზრთა ურთიერთგაცვლა. ბიძინა ივანიშვილი დიდი პოლიტიკიდან სწორედ იმიტომ წავიდა, რომ მასში მონაწილეობა არ სურდა.
- როგორია, თქვენი აზრით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დინამიკა? თქვენი თანამემამულეები ძალიან იჩაგრებიან იმ ცალმხრივი სავიზო პოლიტიკით, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, მაგრამ თბილისი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას მაინც არ ცდილობს...
- პოლიტიკოსების არასწორი გადაწყვეტილებით ყოველთვის უბრალო ადამიანები ზარალდებიან, თუმცა სიტუაციის ნორმალიზება მხოლოდ ხელისუფლების ორმხრივი სურვილითა და შემხვედრი ნაბიჯებით ხორციელდება. ჯერ-ჯერობით კი ამ მიმართულებით სინქრონიზება არ ხდება, პროცესი ჭიანურდება. გულწრფელად ვწუხვარ, თუმცა ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ე.წ. სახალხო დიპლომატიაში პროგრესი აშკარად ჩანს.
წყარო: «Московский комсомолец» (რუსეთი)