გერმანული ტელერადიოკომპანია Deutsche Welle-ს ჟურნალისტმა, პრგრამა „ნემცოვა. ინტერვიუების“
წამყვანმა ანა ნემცოვამ ინტერვიუ ჩამოართვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისადმი სიმპათიებზე და საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარულ მმართველობაზე ისაუბრა.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს:
ნინო ბურჯანაძის აზრით, საქართველოში ყველაზე დემოკრატიული მმართველობა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მან თავი ვერ გაართვა ქვეყნის საშინაო პრობლემებს. ყველაზე ავტორიტარული რეჟიმი კი ქვეყანაში ე.წ. პროდასავლური პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დამყარდა, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელშიც თვითონ ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ავტორიტარული სტილი მოგვიანებით გამოვლინდა, თავდაპირველად თითქოსდა არ ჩანდა, რადგან ავტორიტარიზმი თანდათან ყალიბდება. ამასთან, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ამჟამინდელი გადასახედიდან, იგი მაინც მიიღებდა „ვარდების რევოლუციაში“ მონაწილეობას, რადგან რადიკალური ნაბიჯების გადადგმა იყო აუცილებელი - შევარდნაძის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში დემოკრატია უკვე ანარქიაში გადადიოდა, საჭირო იყო კორუფციის ალაგმვა, ბიუროკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა... ქვეყანა ჭაობში იძირებოდა. რევოლუცია ერთადერთი საშუალება იყო სიტუაციის გამოსასწორებლად. „ამასთან, ყოველთვის ვნანობ, რომ იმ დროს ედუარდ შევარდნაძე ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ საპარლამენტო არჩევნები განმეორებით დაენიშნა“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე, - ჩვენ თავდაპირველად არ ვითხოვდით მის გადადგომას. ვაცნობიერებდით, რომ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით იმისთვის, რომ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აგვეღო“.
კითხვაზე, „რამდენად სამართლიანია ვლადიმერ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის ერთმანეთთან შედარება იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთის პრეზიდენტიც ავტორიტარულ ლიდერს წარმოადგენს“, ნინო ბურჯანაძე პასუხობს, რომ იგი არავითარ შემთხვევაში ამ ორ ლიდერს ერთმანეთს არ შეადარებს: „ვლადიმერ პუტინი სერიოზული პოლიტიკოსია, იგი სერიოზული ადამიანია. იგი ისეთი ლიდერია, რომელმაც იცის, თუ რა ჭირდება მის ქვეყანას და აკეთებს კიდეც. მისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილი იმპულსური ადამიანია. ის, რომ დასავლეთში ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებენ როგორც ავტორიტარულ ლიდერს, ხოლო მიხეილ სააკაშვილზე მსგავსს არაფერს ამბობენ, ორმაგი სტანდარტების მაგალითია...დიახ, რუსეთში არის პრობლემები დემოკრატიასთან მიმართებით, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ რუსეთი ავტორიტარული სახელმწიფოა. იქ მასმედია თავისუფალია. 10-15 და გინდაც 20 წელიწადში დემოკრატიის აშენება შეუძლებელია - ვერც დიდ რუსეთში და ვერც პატარა საქართველოში. ეს ჩვენ მშვენივრად დავინახეთ“.
ნინო ბურჯანაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს: „მან მუხლებზე დაჩოქილი რუსეთი ფეხზე წამოაყენა. აბა, შეადარეთ ერთმანეთს დღევანდელი და 10-15 წლის წინანდელი რუსეთი. ვისურვებდი, რომ საქართველოსაც ისეთი პრეზიდენტი ჰყავდეს, როგორიც ვლადიმერ პუტინია... არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ იგი იდეალური ადამიანი და პრეზიდენტია, მაგრამ ვლადიმერ პუტინი თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს. მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტად არღვევდა ადამიანის უფლებებს და ზღუდავდა ოპოზიციას, ვიდრე ეს რუსეთში ხდებოდა, მაგრამ მას მაინც „დიდ დემოკრატს“ უწოდებდნენ, პუტინს კი ავტორიტარად მიიჩნევენ. რატომ?“.
„მე ჩემს თავს პრორუსულ პოლიტიკოსად არ ვთვლი, მე პროქართული პოლიტიკოსი ვარ. მიმაჩნია, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის გარეშე საქართველოს ინტერესები რეალიზებული ვერ იქნება. კარგია ეს თუ ცუდი - პრორუსული პოლიტიკოსის იარლიყი? რა თქმა უნდა, ცუდია, რადგან მსგავსი იარლიყის ტარება არაკომფორტულია. ეს ყველაფერი [იარლიყების მიკერება] თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, როცა მასთან ბრძოლა გადავწყვიტე. მე ვხედავდი, თუ როგორ ხუჭავდნენ თვალს ჩემი დასავლელი მეგობრები მიხეილ სააკაშვილის მიერ კანონის დარღვევებზე, როგორ უსამართლოდ გვექცეოდა მე და ჩემს თანამებრძოლებს და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ჩვენ „პრორუსულობის“ იარლიყი მოგვაკერა. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო. პირდაპირ გეტყვით, რომ მაშინ ძალიან შემეპარა ეჭვი ნამდვილ დასავლურ ფასეულობებში“, - ამბობს ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე.
- ვის ეკუთვნის დღეს რეალურად საქართველოში ხელისუფლება? რამდენად სწორია მტკიცება, რომ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს?
- იცით, ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად დიდი და სერიოზული წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოში ხელისუფლება უსისხლოდ შეიცვალა და მიხეილ სააკაშვილი წავიდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანაში სიტუაცია მაინც არასახარბიელოა - მმართველობას არაფორმალური ხასიათი აქვს. მართლაცდა, რომელ დემოკრატიაზე შეიძლება ლაპარაკი იმ ქვეყანაში, რომელსაც ერთი ადამიანი მართავს? მით უმეტეს, რომ მას არანაირი თანამდებობა არ უკავია.
- რომელია უფრო უკეთესი, მიხეილ სააკაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი?
- საერთოდ, კითხვა ასე არ უნდა დაისვას - ვინაა კარგი და ვინ ცუდი, მაგრამ გეტყვით: ცუდი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილია. იმიტომ, რომ იგი საპყრობილეში ადამიანებს აწამებდა, ანუ ასეთი სისტემა სწორედ მან შექმნა. ცუდია იმიტომ, რომ იგი დემონსტრაციებს არბევდა. ამასთან, მე არ ვიცი, რა იქნება ერთი წლის შემდეგ, თუ ჩვენ ისეთ დემონსტრაციას ჩავატარებთ, როგორიც 2011 წელს იყო. კარგი იქნება თუ ცუდი - ამის თქმა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების რეალურ შედეგებს დავინახავთ
ჩვენთან დემოკრატია არც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს არ იყო და არც ბიძინა ივანიშვილის დროს არ არის. მიხეილ სააკაშვილის დროს ფიზიკურად გვეშინოდა. ბიძინა ივანიშვილის დროს ფიზიკური [ანგარიშსწორების] შიში არ გვაქვს, მაგრამ, სამაგიეროდ ხალხი გარყვნა ფულის საშუალებით მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არჩევნების ფალსიფიცირება ადამიანების დაშინებითა და შანტაჟით ხდებოდა - თუ ხმას [„ნაციონალებს“] არ მისცემდნენ, ციხით და მოკვლით ემუქრებოდნენ, დღეს კი მათი მოსყიდვა ხდება. რომელი უფრო უკეთესია? ჩემთვის ორივე მიუღებელია.
წყარო: «Deutsche Welle» (გერმანია)