ინტერვიუ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამის
ხელმძღვანელ სტივენ ნიქსთან რომელიც ჩაიწერა 18 სექტემბერს.
- გასულ კვირას საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა, სადაც მომავალი ადგილობრივი არჩევნები განიხილეთ. რა ფორმით ჩაერთვებით თქვენ ამ არჩევნებში?
- ჩვენ შევხვდით მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაციას, რომელშიც შედიოდნენ, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. ვისაუბრეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამჯერად „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ არჩევნების მიმდინარეობას არ შეაფასებს, ჩვენ არ გვეყოლება სადამკვირვებლო მისია, ბიუჯეტის სიმცირის გამო, მხოლოდ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ჩავა, ეს არ იქნება სრულმასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია.
- შეხვედრის შემდეგ IRI-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს, კონკრეტულად რაზე ისაუბრეთ?
- გაგვაცნეს ცვლილებებთან დაკავშირებული სიახლეები და დაგეგმილი მოვლენების განრიგი, გვითხრეს რომ მალე მოხდება მესამე მოსმენა პარლამენტში. ასევე უახლოეს მომავალში ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას მეორე მოსმენებზე. ვისაუბრეთ კომისიის დასკვნის გაზიარების მნიშვნელობაზე.
- თუმცა ამ ეტაპზე, ორი მოსმენის შემდეგ, სივრცე არსებითი ცვლილებების მისაღებად პრაქტიკულად აღარ დარჩა. მესამე მოსმენით მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ცვლილები არ მიიღება...
- ჯერ ეს არ ვიცით. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა რეკომენდაციები ექნება ვენეციის კომისიას, რა მასშტაბის და მნიშვნელობის შენიშვნებზეა საუბარი და როგორ იმოქმედებს პარლამენტი მათზე პასუხად. ვენეციის კომისიის გამოცდილების და რეპუტაციის გათვალისწინებით, ძალიან სასარგებლო იქნება მათი რეკომენდაციების სერიოზულად გათვალისწინება.
- როგორ აფასებთ თავად პროცესს, რომელიც თან ახლდა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მომზადებას და შემდეგ კენჭისყრას, მაგალითად ქვეყნის პრეზიდენტი ამ პროცესს ერთპარტიულს უწოდებს და ამბობს, რომ მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესებია გათვალისწინებული?
- საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს სრული უფლება მიიღოს ის ცვლილებები, რომლებიც მას საჭიროდ მიაჩნია. ჩვენი ერთადერთი მიზანია პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე და ჩართულობითი.
- თქვენი ბოლო გამოკითხვების თანახმად, გამოკითხულთა 92 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი გზით უნდა იყოს არჩეული. რატომ არ ითვალისწინებს მმართველი გუნდი ამ მონაცემს?
- მე ვერ ვისაუბრებ მმართველი პარტიის სახელით, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევას.
- გამოკითხულთა 75% ამბობს, რომ მონაწილეობა მიიღო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ იმათი რაოდენობა, ვინც ოქტომბრის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღება 63%-ია. თქვენი დაკვირვებით, რამ განაპირობა ეს კლება?
- ეს გამოკითხვის პასუხებია და დაზუსტებით ვერ ვიტყვით რამდენი ადამიანი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები აქტიურ საარჩევნო კამპანიას წარმართავენ, ხმას მიაწვდიან ამომრჩევლებს და ამით მაღალი მონაწილეობა მიიღწევა. ჩვენ ამის იმედი გვაქვს, ვნახოთ რა მოხდება 22 ოქტომბერს.
- თქვენივე გამოკითხვების თანახმად, გამოკითხულთა 27 პროცენტი ამბობს, რომ მხარს არასდროს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“, 25 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს მოსახლეობის ნახევარზე მეტია. რომელიმე პარტია მუშაობს ამ ადამიანების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად?
- ეს საინტერესო მონაცემებია, თუმცა გასაკვირი არ არის, რომ მთავრობაში მყოფი პარტიები მათ მიერ დადებული პირობების მიხედვით ფასდებიან. ორივე ეს პარტია სხვადასხვა დროს მთავრობაში იყო, ამიტომაც ამომრჩევლების იმედგაცრუება ბუნებრივი მოვლენაა. ესეც დიდი დემოკრატიის ნაწილია, როცა ამომრჩევლები უკმაყოფილოები არიან, ისინი ხმას სხვას - ალტერნატიულ პარტიას აძლევენ, საქართველოში სწორედ ამის ნახვა გვსურს, გვსურს ვნახოთ ალტერნატივები, არჩევანი.
წყარო: «Radio Voice of America»