სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთის მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან.
-ბატონო ვახტანგ, ყოველ წელს გვიხდება იმ ტრაგიკულ მოვლენებზე საუბარი, რომელმაც საქართველოს უდიდესი ადამიანური მსხვერპლი, ტკივილი, ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, სხვა მრავალი იმედგაცრუება და გულგატეხილობა მოუტანა...
-24 წელი გავიდა და დღესაც ომის საზარელი სურათები მოსვენებას არ აძლევს არც ერთ ჩვენგანს. 27 სექტემბერს, როცა იძულებული გავხდით სოხუმი მიგვეტოვებინა, მახსოვს, ფეხები უკან მრჩებოდა, ვერ წარმომედგინა სოხუმის დატოვება. მეგონა, რაღაც ძალიან სამარცხვინოს ჩავდიოდი. თანაც გულუბრყვილოდ მჯეროდა მეც და სხვებსაც, რომ რამდენიმე დღეში დავბრუნდებოდით. არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან ქართველების აყრა დედა-ბუდიანად, მათი შეძრწუნებული სახეები. ქაოსი და არეულობა, კოდორის გზაზე მიმავალი აფხაზეთიდან აყრილი ქართველობა. ალმოდებული სოხუმი, ტყვიების ზუზუნი, ქართველების დევნა, ტყვედ აყვანა, წამება და დახვრეტა. სწორედ 27 სექტემბერს აწამეს და დახვრიტეს ჟიული შარტავა და მასთან ერთად მყოფი ჩვენი ბევრი მეგობარი. ჟიულის სიტყვები მინდა გავიხსენო სოხუმის დაცემის წინა დღეს, რომლითაც მან საკუთარი აღსასრული იწინასწარმეტყველა. „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია, ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი“. ასეთი დაუნდობელია ომის კანონი. მისი დაწყება ადვილია, მაგრამ დასასრული მუდამ სავალალოა. განა შეიძლება ძმათამკვლელ ომს გამარჯვებული ჰყავდეს, როცა ორივე მხარეს დაღუპული ვაჟკაცები, ფუძეგამოცლილი ოჯახები, განადგურებული გენოფონდი და მოუნელებელი წყენა გვაქვს საკუთარ შეცდომებზე, რომელიც არ უნდა დაგვეშვა.
ვერც წარმომედგინა, რომ 24 წლის შემდეგ თბილისიდან მომიწევდა ამ თემაზე საუბარი.
დამიჯერეთ, სოხუმში ვინც ბოლო ტრაგიკული დღეები გამოვიარეთ, ამ საზარელი ამბის მოყოლას და გახსენებას თავს ვარიდებთ. ამდენი წლის შემდეგაც ყველას გვაწვალებს ერთი და იგივე კითხვა, რატომ ვერ ავიცილეთ თავიდან ეს საშინელი ტრაგედია. რატომ ვიქეცით დევნილებად. შეგვეძლო კი ამის არიდება თავიდან. არა მგონია ამ კითხვებზე დღეს ვინმემ შეძლოს პასუხის გაცემა. საბოლოოდ ალბათ ყველაფერს პასუხს ჩვენივე ისტორია გასცემს, რომელიც არავის და არაფერს მოერიდება.
-როგორ აფასებთ დღეს აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას? რას ფიქრობენ თავად აფხაზები და როგორ შეიძლება წარიმართოს მოვლენები, მათი რუსეთთან ურთიერთობები?
24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი.
როგორც ხედავთ, ჩვენს თვალწინ, XXI საუკუნეში ძალას იკრებს მხოლოდ კრემლის მიერ აღიარებული და რელურად რუსეთის საკუთრებად მიჩნეული აფხაზეთი, რომელიც საგულდაგულოდ ახდენს აფხაზეთის მილიტარიზებას, ეგრეთწოდებული აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ ფასად.
ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე სამაჩაბლოში რუსეთის ქმედებებს ჩვენ და მსოფლიო თანამეგობრობა მცოცავ ანექსიას ვუწოდებთ, მაგრამ
აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიაზე, მთელი მსოფლიოს თვალწინ, რუსეთი მასშტაბურ სამხედრო ანექსიას ახორციელებს. ამგვარ პოლიტიკას აფხაზეთის ეგრეთწოდებული პოლიტიკური ელიტა კვერს უკრავს, ხოლო აფხაზური საზოგადოება ჯერ-ჯერობით უძლურია წინააღმდეგობა გაუწიოს ამ პროცესს. ვერ გეტყვით, რამდენად შეიძლება რუსების ხელში, აფხაზებმა ისეთი სიტუაცია შექმნან, რომელიც რუსების კონტროლს არ დაექვემდებარება. ძალიანაც რომ მოინდომონ დღეს და ხვალ ამას ისინი ვერ შეძლებენ. სწორედ ეს გახლავთ პოლიტიკური ხაფანგი, რომელშიც სამწუხაროდ, აფხაზები საკუთარი ნებით გაებნენ.
-ბატონო ვახტანგ, საინტერესოა, სჯერათ თუ არა აფხაზებს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივების და აქვს თუ არა ალტერნატივა სამშვიდობო პროცესს?
დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზური საზოგადოება ამ მხრივ გულდინჯად არის. ამდენი ხნის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, თბილისს თავისი სიტყვისა და მოქმედებისგან გადაეხვიოს. აქედან გამომდინარე სამშვიდობო პროცესს ალტერნატივა არა აქვს. საქართველო ამ პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს.
ერთწლიანმა ომმა ორ მოძმე ერს ისეთი იარები გაგვიჩინა, რომელსაც ალბათ ვერასოდეს მოვიშუშებთ. აუნაზღაურებელმა ადამიანურმა მსხვერპლმა, უამრავი ახალგაზრდის დაღუპვამ სერიოზულად შეარყია დემოგრაფიული მდგრადობა როგორც აფხაზების, ისე ქართველების მხარეს. პატარა ერების ცხოვრებაში ომის შემზრავი ქაოსი ისეთ ტრაგიკულ სიტუაციებს ქმნის, ძნელად, რომ ცოცხლად დარჩენილმა ადამიანმა ამ ემოციებს გაუძლოს.
დღემდე ამ ლაბირინთში ვართ, რომლიდანაც გამოსავალს ვეძებთ. მაგრამ, ცხოვრება გრძელდება და ჩვენც არ ვჩერდებით. ვცდილობთ სამშვიდობო პროცესს ახალი ძალები შევმატოთ. ახალი სტრატეგიით ვიმოქმედოთ, მოჯადოებულ წრეს შემოვუაროთ და ახალი გზები გამოვნახოთ. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ სიტუაციის შესაცვლელად. ასეთია დღეს ჩვენი განწყობა.
ჩვენც, აფხაზებიც და ოსებიც ომმა გაგვყარა, მაგრამ დგება დრო, როცა მშვიდობამ უნდა გაგვაერთიანოს, რომ მომავალ თაობას სწორი განვითარების გზა მივცეთ. დღეს ჩვენ მშვიდობის ხიდებს ვაგებთ იმისთვის, რომ აფხაზებს და ოსებს დავანახოთ, რამდენად სასარგელოა ჩვენთვის ყველასთვის, ერთიან ქართულ სახელმწიფოში ცხოვრება ჩვენი საერთო მომავლის სასარგებლოდ.
დღეს აფხაზეთში სიტუაცია რამდენადმე შეცვლილია, დროს თავისი მიაქვს. აფხაზები ადრე თუ ძალიან კატეოგრიულები იყვნენ გარკვეული საკითხების მიმართ, დღეს ეს ნაკლებად იგრძნობა. ისინიც ნათლად ხვდებიან, სინამდვილეში რა არის რუსეთის რეალური განზრახვა და მიზანი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს აანალიზებენ. უკვე წამოიზარდა ახალი თაობა. ჩვენი ვალია, რომ ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდებმა საერთო ენა გამონახონ, დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ჩვენკი, უფროსმა თაობამ, ორივე მხარემ, უნდა გავამთლიანოთ და გავაერთინოთ ჩვენი მომავალი. სხვა გამოსავალი ამ ლაბირინთიდან არც ერთ მხარეს არა გვაქვს. დღესეს წარმოუდგენლად შეიძლება ვინმემ მიიჩნიოს, მაგრამ, რწმენა, სიმტკიცე, ჰუმანიზმი, მიტევება, ყველა ჯებირს არღვევს. ისტორიას ბევრი მაგალითები ახსოვს, როცა წარმოუდგენელი რეალობად ქცეულა. თუნდაც ბერლინის კედელი რად ღირს. ბედის უკუღმართობით სწორედ ასეთი კედელია ჩვენს შორისაც ენგურის ხიდზე აღმართული.
აფხაზები ნათლად აცნობიერებენ, რომ ურთიერთობა, რომელიც დღეს რუსეთთან აქვთ, არ ღირდა ძმათა შორის სისხლისღვრად. რაც დრო გავა, მეტად დარწმუნდებიან ამაში. ჩვენი მიზანი ძალის დემონსტრირება არ არის. დრო და გონიერი მოქმედება ყველაფრის გადაფასებას მოახდენს. ვფიქრობ იმასაც, რომ ქართველების და აფხაზების მომავალი მაინც ერთად თანაცხოვრებაა.
- 24 წლის შემდეგ რა შეიძლება ითქვას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე. როგორ მოგაჩნიათ ამ ხნის მანძილზე მოხდა თუ არა მათი ინტეგრაცია ჩვენს მოსახლეობასთან?
მიმაჩნია და მუდამ მიმაჩნდა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის მთავრობა, სხვა სტრუქტურები, განსაკუთრებით ჩვენი მრავალრიცხოვანი და მრავალტანჯული დევნილი მოსახლეობა არ გახლავთ თითით საჩვენებელი საზოგადოება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში მხოლოდ დევნილის სტატუსით უნდა გამოირჩეოდეს. ჩვენ გახლავართ ოკუპირებული ტერიტორიის შვილები, რომელთაც განგებამ განსაკუთრებული ფუნქცია მოგვანიჭა. ეს ფუნქცია მხოლოდ არსებობისთვის და ლუკმა პურისთვის ბრძოლა არ უნდა იყოს. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ვცხოვრობთ და არა ვართ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადახვეწილები და შეჭრილები. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია გადავიდეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, დავტოვოთ მოჯადოებული წრე, რომლის გარშემოც მრავალი წელია დავდივართ. გამოვკვეთოთ პირველი რიგის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებასაც დღე და ღამ ვცდილობთ. ჩვენ გვინდა გარდატეხა შევიტანოთ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებში. გადავდგათ საეტაპო ნაბიჯები, ახალგაზრდობის აღზრდის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებების, ჯერ კიდევ დაუბინავებელი ადამიანების დახმარების, კულტურისა და მეცნიერების განვითარების, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და მრავალი სხვა კუთხით. ამ საკითხებში კი დევნილების აქაურ მოსახლეობასთან ინტეგრაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სამწუხაროდ, ადგილობრივ მოსახლეობასთან დევნილები ბოლომდე ინტეგრირებული არ არიან. გაუცხოვების ფაქტორი არსებობს, რაც არ არის სასურველი. ვფიქრობ დრო ამ მტკივნეულ საკითხს მოაწესრიგებს. მაგრამ მხოლოდ ამის იმედად ყოფნა არ გამოგვადგება. ჩვენც ძალიან ბევრიმუშაობა გვმართებს. როგორმე უნდა მოვერიოთ ამ საქმეს, რომ ჩვენმა დევნილებმა საკუთარ თავი გაუცხოებულად არ იგრძნონ. ისედაც მრავალი საფრთხე თავს დაგვტრიალებს და არც მსოფლიო პრობლემები გვივლის გვერდს. ჩვენთვის დიდი იმედია, რომ დასავლეთი ამ მღელვარე სამყაროში, არასტანდარტული საფრთხეებით სავსე ეპოქაში, საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას ახერხებს. ეს ძალას გვმატებს და გზას გვიხსნის სამშვიდობო პროცესის გაძლიერებისა და მისი ახლებურად დანახვის საკითხში. მაგრამ, ჩემი აზრით, დახშული კარი მაშინ გაიხსნება, როცა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნება ჩვენი ერის აბსოლუტური ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცევა.
ჩვენი ვალია, ახალგაზრდა თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ. ამიტომაც, არასოდეს უნდა დავივიწყოთ ომის საზარელი დღეები, მისი კატასტროფული შედეგები. მხოლოდ მშვიდობა და მშვიდობიანი გარემო გახლავთ ჩვენი მომავალი დაახლოების გარანტი. დღეს კი ჩვენ ვიხსენებთ სამშობლოსთვის თავდადებულ, გმირულად დაღუპულ მეომრებს, მუხლს ვიდრეკთ ჩვენი ჯარისკაცების ნათელი სახელების, აფხაზი, ოსი და ომში მონაწილე სხვა ერის წარმომადგენლების დედების მწუხარების წინაშე. სამარადჟამო ხსოვნა მათ დიად სახელებს.