საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხდებით, რეფორმების ოთხპუნქტიანი
გეგმის ფარგლებში, საქართველოს არაერთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას მთავრობა ახორციელებს, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას უჭერს მხარს.
ქუმსიშვილის თქმითვე, ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკი გამოირჩევა როგორც საქართველოს მხარდამჭერი.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან სამთავრობო რეფორმების მხარდამჭერი ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს აღნიშნული მხარდაჭერისათვის, ასევე ყველა იმ უწყებას, ვინც აღნიშნულ რეფორმაში იღებს მონაწილეობას, აღნიშნული რეფორმები თავისთავად მიმართულია იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, უფრო გაძლიერდეს და კონკურენტუნარიანი გადხეს კერძო სექტორი და შესაბამისად მოხდეს ჩვენ ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) 44.6 მლნ. ევროს მოცულობის სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით განვითარების პოლიტიკის მეორე პროგრამული ღონისძიებისთვის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. აღნიშნული პროგრამა მიმართულია უფრო მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად კერძო სექტორის პროდუქტიულობის ამაღლების ხელშემწყობი პოლიტიკის, გრძელვადიანი დანაზოგების და ინვესტიციების სტიმულირების, ფინანსური და სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების და სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნის საშუალებით, რაც შესაძლებელს გახდის მცირე და საშუალო ბიზნესის და ახალი ფირმების განვითარებას.

















