პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტის წევრებმა დღეს რაჭაში ქართულ-შვეიცარიული ინვესტიციით შექმნილი,
ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ხორცის გადამამუშავებელი საწარმოო კომპლექსი დაათვალიერეს.
კომპლექსი მესაქონლეობის თანამედროვე ფერმას, საერთაშორისო სტანდარტების სასაკლაოსა და ვეტერინარულ ლაბორატორიას აერთიანებს. პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ სოფლებში - სორი და შარდომეთი, სადაც მოინახულეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა კომპანია ,,ბლაუენშტაინ საქართველოს“ თანამშრომლებთან სათაო ფერმაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
„მეცხოველების დარგის განვითარებას ქართულ-შვეიცარიული საწარმო მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. კომპანიის სპეციალისტების ზედამხედველობით ხორციელდება ცხოველთა მოვლა-პატრონობა და მიღებულ მაღალხარისხიან პროდუქციას კი ისევ კომპანია იბარებს. სასურველია, რომ ეს მოდელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს. ეს მნიშვნელოვნად განავითარებს როგორც დარგს, ასევე ხელს შეუწყობს ცხოველთა გენეტიკის გაუმჯობესებას და პროდუქტიულობის ზრდას“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.
როგორც შეხვედრაზე კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი კერვალიშვილმა აღნიშნა, კომპანიამ საერთო ჯამში 22 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და რამდენიმე ასეულ მსხვილფეხა პირუტყვს ფლობს, ასევე ხელს უწყობს კერძო ფერმების განვითარებას. კომპანიაში100-მდე ადგილობრივია დასაქმებული. საწარმო აღჭურვილია შვეიცარიულ-ფრანგული უახლესი ტიპის აპარატურით.
„ბლაუენშტაინ საქართველომ“ პირველად საქართველოში თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ე.წ. „დამწიფებული ხორცის“ წარმოებაც დაიწყო. პირუტყვის სპეციალური მეთოდით დაკვლის შემდეგ, ხორცს რამდენიმე დღის განმავლობაში შეაბამისი ტენიანობისდა ტემპერატურის მქონე მაცივრებში განათავსებენ, რაც ხორცში მჟავიანობის მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარკვეული პრობლემების საკანონმდებლო დონეზე მოგვარების საკითხს. კანონმდებელთა განცხადებით, ბევრი საკითხის მიმართ ქვეყანაში ერთიანი მოდელი ვერ იმუშავებს და შესაძლებელია დიფერენცირებული რეგულაციები დაწესდეს ე.წ. მთის კანონის მიხედვით.
ოთარ დანელიას განცხადებით, საშემოდგომო სესიაზე კომიტეტი აქტიურად იმუშავებს პრობლემების საკანონმდებლო გზით გადაჭრის მიმართულებით.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით ღონისძიებაში კომიტეტის წევრებთან ერთად, ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ვოლსკი და ზვიად ძიძიგური, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო" 2009 წელს, ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით დაფუძნდა და რაჭაში უკვე 22 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია რაჭაში ფერმების ქსელს 2015 წლიდან ფლობს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია 2018 წელსყველის და რძის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს.

















