ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ხელმძღვანელობით
ალექსანდრიის ბიზნეს ასოციაციას ვიზიტით ეწვივნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეგვიპტელმა ბიზნესმენებმა, ალექსანდრიის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ასოციაციის პრეზიდენტის მუჰამედ საბრის ხელმძღვანელობით.
შეხვედრის დროს მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები აღნიშნეს და სხვადასხვა სფეროში საქართველო-ეგვიპტის თანამშრომლობის გზები განიხილეს, მათ შორის, შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები განათლების და ტურიზმის მიმართულებით. ეგვიპტურმა მხარემ ინტერესი გამოხატა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ.
ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა მხარემ საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოს, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გამართა. მხარეები მომავალი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ და ხაზი გაუსვეს, რომ იმუშავებენ ერთობლივი პროექტების ორგანიზებაზე ბიზნესის და ინვესტიციების მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.

















