საქართველოს მთავრობა უახლოეს დღეებში, ახალ სამთავრობო პროგრამას წარმოადგენს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.
„უახლოეს დღეებში მთავრობა გამოაცხადებს სამთავრობო პროგრამის ახალ ეტაპს, ამაზე ბოლო რამდენიმე კვირაა ვმუშაობთ. პროგრამაში გარდა ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური, სოციალური და სხვა მსგავსი საკითხებისა, თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს ევროპული ნაწილი. პროგრამის გამოცხადებამდე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელში ჩამოსვლა და შეხვედრების გამართვა“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელში შეხვედრების ფარგლებში მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
„დარწმუნებული ვარ, უახლოესი 16-18 თვის განმავლობაში, ჩვენ მივიღებთ თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან. ეს ათიათასობით სამუშაო ადგილს შექმნის, განსაკუთრებით, ექსპორტისა და წარმოების სფეროებში“ - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის, თავისუფალი ვაჭრობა ევროკაშვირთან გადამწყვეტია.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის მასშტაბით უვიზო გადაადგილების რეჟიმი უნდა ჰქონდეს და ორივე საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ქეთრინ ეშტონს, ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგენს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

















