სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, მიმდინარე წლის 13-15 ივნისს, საქართველოში ICAO-ს ევროპის რეგიონის საავიაციო
უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო შეხვედრა და პლენარული სხდომა ჩატარდება (IE-REST).
ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ და სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უმასპინძლებენ.
საავიაციო უსაფრთხოების ექსპერტთა რეგიონალური ჯგუფის რიგით მერვე შეხვედრა საავიაციო მოვლენათა შეტყობინებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნება და მასში მონაწილეობას ევროპის რეგიონის სახელმწიფოების(ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბულგარეთი, თურქეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, რუსეთი, საფრანგეთი, საქართველო, სომხეთი) საავიციო ხელისუფლებების, აშშ-ს ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA), ICAO-ს, IATA-ს EUROCONTROL-ის, IFALPA-ს, AIRBUS-ის და BOEING-ის ექსპერტები მიიღებენ.
სამღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ საავიაციო მოვლენათა შეტყობინების ევროპულ (რეგულაცია 376/2014) და საერთაშორისო (დანართი 13, ICAO) მოთხოვნებს. ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური ბიუროსა და „IE-REST“ ჯგუფის მიერაღიარებული საუკეთესო პრაქტიკის ჭრილში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს მიერ დანერგილი საავიაციო მოვლენათა შეტყობინების სისტემის განხილვას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები დეტალურად ისაუბრებენ შესაბამის წესსა და სახელმღვანელო დოკუმენტებზე, სავალდებულო და ნებაყოფლობითი შეტყობინებებით შემოსული ინფორმაციების შეგროვების, დამუშავების და გაცვლის კუთხით არსებულ პროცედურებზე, საავიაციო მოვლენის შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე და კონფიდენციალობის დასაცავად მიღებულ ზომებზე.
ღონისძიების დასკვნით ნაწილი ICAO-ს ევროპის რეგიონის საავიაციო უსაფრთხოების ექსპერტთ ჯგუფის პლენარულ სხდომას დაეთმობა, სადაც მხარეები შეაჯამებენ როგორც მიმდინარე სამუშაო შეხვედრის შედეგებს, ისე განვლილი შეხვედრების განმავლობაში შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.
ICAO IE-REST წარმოადგენს ICAO-ს ევროპის რეგიონის საავიაციო უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფს რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს (Safety Enhancement Initiatives) შემდეგი მიმართულებებით: საავიაციო უსაფრთხოების მართვა, ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვა, პილოტების მომზადება და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოება. საქართველოს მხრიდან „ICAO IE-REST“ ჯგუფის წევრები სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და „საქაერონავიგაცია“ არიან.

















