საქართველოს, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბანკების 2011 წლის კურსდამთავრებულ სტუდენტებს ხვალ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სერტიფიკატები გადაეცემათ.
როგორც „ნიუსპრესს“ EBRD-დან აცნობეს, სერტიფიკატები საქართველოს, სომხეთის და უკრაინის 11 ბანკის იმ 15 კურსდამთავრებულს გადაეცემა, რომლებიც EBRD-ის პროექტში მონაწილეობდნენ.
სერფიტიკატების გადაცემის ცერემონიას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია და კავკასიის EBRD-ის დირექტორი პოლ ჰენრი ფორესტერი გახსნიან.
3 წარჩინებული სტუდენტი - 2 საქართველოდან და ერთი სომხეთიდან EBRD-ისგან Samsung Galaxy-ით დასაჩუქრდება.
EBRD-მა საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან (ICC) ერთად ინტერნეტ პროექტი 2010 წლის მაისში დაიწყო. პროექტის მიზანი ყოველწლიურად 100 სტუდენტის მიღებაა, თუმცა, 2011 წელს 300 სტუდენტი იყო რეგისტრირებული.
პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველთა რიცხვის გაზრდის გამო, EBRD-მა 2012 წელს პროგრამა გააფართოვა და ახალი საგნები დაამატა. ამჟამად, პროგრამაში 21 ქვეყნის 102 ბანკიდან 400 სტუდენტია რეგისტრირებული.
პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები საბანკო ოპერაციების გაუმჯობესებისა და რისკების შემცირებას უწყობს ხელს. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია „ვითიბი ბანკი“ საქართველოს ოფისში გაიმართება.

















