საქართველო საერთაშორისო სამშენებლო გამოფენას „CaucasusBuild” ექსპო ჯორჯიას 16-დან 19 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.
საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ინდუსტრიული ღონისძიებაა.
ინდუსტრიულ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები: ბაზალტის მწარმოებელი შპს „რება“, “მეგადორისის“ ბრენდის სახელით ცნობილი რკინისა და ხის მწარმოებელი შპს „ოცნება“ და ლამინირებული და დეკორატიულ მინის, მინის აბაზანების და ნიჟარების მწარმოებელი შპს „GlassWork”-ი წარადგენენ. შპს „რება“ და შპს „ოცნება“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული და ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით სარგებლობენ. სამივე კომპანიას 100-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
"ინდუსტრიული ღონისძიება საუკეთესო ადგილია პროვაიდერებისათვის, რომლებიც სამშენებლო მასალების, ტექნიკის და ტექნოლოგიების სერვისებზე მუშაობენ. გამოფენაზე საქართველოსა და კავკასიის სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს, არქიტექტორებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ გაცვალონ ღირებული ინფორმაცია და დაგეგმონ სამომავლო ბიზნესურთიერთობები.
რეგიონში არსებული მზარდი ინვესტიციების გათვალისწინებით, CaucasusBuild 2017 იდეალური ადგილია გლობალური სამშენებლო ინდუსტრიის პროფესიონალებისა და წამყვანი წარმომადგენლებისათვის, რათა მათ წარმოადგინონ და დაინტერესებულ ორგანიზაციებს გააცნონ, მათი უახლესი პროდუქცია და სერვისები"-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

















