"საქართველოს ბანკი" მცირე და საშუალო ბიზნესს ენერგოეფექტურობის სესხებს სთავაზობს.
ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ენერგოკრედიტი გაიცემა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ "საქართველოს ბანკისთვის" გამოყოფილი 10 მლნ აშშ დოლარიდან.
აღნიშნული საკრედიტო ხაზიდან საქართველოს ბანკი ენერგოკრედიტებს ფიზიკური პირებისთვის, კორპორატიული კლიენტებისთვის და ახლა უკვე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გასცემს. ამ დროისთვის დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარია ათვისებული.
"კომპანიებს ენერგოკრედიტი დაეხმარება დაზოგონ ენერგია მათ წარმოებაში. მათ შესაძლებლობა აქვთ, სრულიად უსასყიდლოდ ჩაიტარონ ენერგოაუდიტი და მიიღონ საერთაშორისო კვალიფიციური ექსპერტების კონსულტაცია" - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".
ენერგოკრედიტის მოცულობა 20 000 აშშ დოლარიდან 500 000 აშშ დოლარამდეა, სესხის ვადა კი – 60 თვემდე.

















