საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავამ, ბაჰრეინის სამეფოში ვიზიტის
ფარგლებში Gulf Air-ის მთავარ ოფისში შეხვედრა გამართა ავიახაზების დირექტორსა და აღმასრულებელ მმართველ გუნდთან, რომლის დროსაც მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს Gulf Air-ის მიერ მანამადან თბილისში პირდაპირი რეისების განხორციელების საკითხი, ავიარეისების დაწყების ლოგისტიკური დეტალები და ისაუბრეს შემდგომ თანამშრომლობაზე. საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა სპარსეთის ყურის რეგიონიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელების მნიშვნელობა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს საუდელი ტურისტების მიმოსვლას საქართველოში, რომელთა რიცხვი მიმდინარე წელს საგრძნობლად გაიზარდა. პირდაპირი ფრენები ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ქვეყნის პოპულარობას და საქართველოში სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნების ცნობადობის გაზრდას, რაც თავის მხრივ გააღრმავებს თანამშრომლობას GCC-ს (ყურის თანამშრომლობის საბჭო) რეგიონის ქვეყნებსა და საქართველოს შორის.
„Gulf Air“-ი თბილისში პირდაპირ ფრენებს მიმდინარე წლის 22 ივნისიდან იწყებს და რეგულარული ფრენები მანამას საერთაშორისო აეროპორტიდან შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კვირაში სამჯერ განხორციელდება.
Gulf Air-ი სპარსეთის ყურის უმსხვილესი რეგიონული გადამზიდავი კომპანიაა, რომელიც 27 ქვეყნის 44 ქალაქს ემსახურება.
Gulf Air-ის ხელმძღვანელობამ ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ავიაკომპანიის ჟურნალი „Gulf Life”-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ვრცელი სტატიის თაობაზე - „Colours of Tbilisi – perfect place to be”, რომელიც ავიახაზების თვითმფრინავის ბორტზე ვრცელდება. ასევე მომზადდა სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომელიც „Gulf Air”-ის მგზავრებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე მიაწვდის ინფორმაციას.
შეგახსენებთ, ელჩი ბაჰრეინის სამეფოს მეფისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში ეწვია.

















