ეკონომიკისა და მგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „Check in Georgia-ს ბიუჯეტი,
შარშანდელთან შედარებით ბევრად ნაკლები იქნება, მაგრამ ეს შემცირება არა იმიტომ მოხდება, რომ ღონისძიებების მასშტაბები და რაოდენობა შემცირდება, არამედ იმიტომ, რომ ისინი ბევრად უფრო ეფექტური გახდება.
მისივე თქმით, „აეროსმიტის“ კონცერტის შემდეგ ძალიან მიმზიდველი და ოპტიმალური პირობებით ტენდერები გამოცხადდება, სადაც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა როგორც ქართველ, ისე უცხოელ პრომოუტერებს და სხვადასხვა სააგენტოებს ექნება.
„აქედან გამომდინარე, კონცერტების ზუსტი გრაფიკი ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა, სულ მალე იქნება და დარწმუნებული ვარ, გაკვირვებულნი იქნებით, რამდენად ეფექტურად იქნება ეს რესურსი გამოყენებული“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც გახარიამ განაცხადა, მსგავსი ღონისძიებების მოწყობაში სახელმწიფოს არა 100 პროცენტით მონაწილეობა, არამედ თანამონაწილეობა მოხდება.
„ჩვენ დარგის წარმომადგენლებთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეხებათ ეს მიმართულება, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. კერძო სექტორის ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური. „აეროსმიტის“ კონცერტი იქნება ბოლო, სადაც სახელმწიფოს სრული მონაწილეობა იყო“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

















