ბაკურიანში გამართულ შეხვედრაზე ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სივრცით-
ტერიტორიული დაგეგმვის სამუშაო პროექტი განიხილეს.
შეხვედრაზე ეკონომიკის სამინისტროს, ,,არქიტექტურული ბიუროს,“ ადგილობრივი თვითმმართველობის, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა ბაკურიანი-მიტარბის ტურისტული და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი სადაბო ცენტრის შექმნა, სატრანსპორტო ქსელის განვითარება და დახვეწა, საზოგადოებრივი სივრცეების ჩამოყალიბება, ზამთრისა და ზაფხულის აქტივობების ოპტიმიზაცია, ფეხმავალთა და ველობილიკების მოწყობა, საინჟინრო ქსელების სრულყოფა, მყარი ნარჩენების მართვა და სხვა.
სპეციალისტებმა ჩატარებული წინასაპროექტო კვლევებისა და მათ საფუძველზე შემუშავებული ბაკურიანი-მიტარბის პერსპექტიული განვითარების ხედვაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს, გეგმარებითი დავალების სამუშაო ვერსია დეტალურად განიხილეს და ბაკურიანის განვითარების ძირითად მიმართულებებზე მოსაზრებები გამოთქვეს. დისკუსიის პროცესში ასევე, პერსპექტიული ტერიტორიული განვითარების შეზღუდვების საკითხზეც იმსჯელეს.
ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციას შპს ,,არქიტექტურული ბიურო“ ამუშავებს, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2016 წელს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. კომპანიამ უკვე დაასრულა და ეკონომიკის სამინისტროსთან, ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეათანხმა პირველი ეტაპის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშოების შეთანხმების პროცესი ბორჯომის მუნიციპალიტეტთან.
ბაკურიანი/დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება 2017 წლის სექტემბერში დასრულდება.

















