საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ძალიან წარმატებული იყო.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის იანვარის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს გამოეხმაურა და მას პოზიტიური შედეგი უწოდა.
„იანვარი იყო ძალიან წარმატებული. 5,2% მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა გახლავთ ძალიან მისასალმებელი შედეგი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პარამეტრის გაანალიზების დროს ჩვენ ვნახულობთ არაერთ ძალიან მნიშვნელოვან მაჩვენებელს. მაგალითად, ექსპორტი 44.7%-ით გაიზარდა იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყველა პარამეტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, დღგ-ს ბრუნვა თითქმის 21%-ით არის გაზრდილი, 33 %-ით არის გაზრდილი ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა. ბევრი დადებითი პარამეტრია - გაზრდილია ტურიზმის მაჩვენებლები. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასაწყისი გვაქვს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

















