საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოთა ზომის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა. უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნული სიახლე დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.
საქსტატის ინფორმაციით, საწარმოთა ზომის განმსაზღვრელი დღემდე მოქმედი მეთოდოლოგია 2002 წელს შემუშავდა, რომელიც საწარმოთა ბრუნვისა და დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობის მაჩვენებლებს ეყრდნობოდა.
ცვლილების თანახმად, საწარმოთა ზომის განსაზღვრა კვლავ დასაქმებულთა რაოდენობისა და ბრუნვის მაჩვენებლის კრიტერიუმის გამოყენებით განხორციელდა. თუმცა, დასაქმებულთა რაოდენობის დიაპაზონის განსაზღვრისას ევროსტატის მიერ შემოთავაზებული კრიტერიუმები იქნა გამოყენებულ, ხოლო ბრუნვის მაჩვენებლის დიაპაზონის განსაზღვრა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (Purchasing Power Parities) გამოყენებით განხორციელდა.
უწყების ცნობითვე, საქართველოში საწარმოთა ზომის განმსაზღვრელი მეთოდოლოგიის დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან ევროსტატის სექტორული მიმოხილვის დოკუმენტში ერთ-ერთ რეკომენდაციად არის დაფიქსირებული. გარდა ამისა, საწარმოთა ზომების ახალი დეფინიციის შემუშავება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმითაც გათვალისწინებულია.
საერთაშორისო ექსპერტთა რეკომენდაციების თანახმად, საქსტატი ბიზნეს სტატისტიკის მაჩვენებლებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გამოაქვეყნებს როგორც ახალი, ისე დღემდე არსებული მეთოდოლოგიის გამოყენებით. ამასთან, შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინა პერიოდის მონაცემების გადაანგარიშება ეტაპობრივად განხორციელდება.

















