Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის
ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის მე-5 ადგილზეა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის შეფასებით, ეს სასიხარულო ფაქტორია, რადგან ჩვენი ქვეყანა წინა წელთან შედარებით 10 საფეხურით წინ არის.
„მსოფლიოში აღიარებული გავლენიანი ორგანიზაციის მიერ ამჟამად გამოქვეყნებული, 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო შევიდა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით გამოჩენილ ქვეყნების ოცეულში, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტორია ჩვენთვის. 2017 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა მეცამეტე ადგილი, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პოზიციები, წინა წელთან შედარებით, 10 საფეხურით გაუმჯობესდა“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ეს რეიტინგი ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს განსაზღვრავს, ასევე სხვადასხვა ინსტიტუტების ხარისხსაც, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
„წელს, წინა წელთან შედარებით, ჩვენ გაუმჯობესება გვაქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საკუთრების უფლებები, ბიზნესის თავისუფლება, ფისკალური სიჯანსაღე და შრომის თავისუფლება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეგიონში ჩვენ ვართ ყველაზე მოწინავე პოზიციებზე და არათუ ჩვენი უშუალო მეზობლები, არამედ უფრო ფართო რეგიონის ქვეყნებიც ჩვენზე ბევრად უკან არიან ამ რეიტინგში“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.
აღნიშნული ინდექსი ყოველწლიურად ქვეყნდება, რომელიც 200-მდე ქვეყნისათვის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს იკვლევს. რეიტინგი თითოეული ქვეყნისთვის განიხილავს საკანონმდებლო, სახელმწიფო მმართველობის, რეგულირებისა და ვაჭრობის ეფექტიანობასა და ხარისხს, რაც ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა.
ეკონომიკური თავისუფლების აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 2016 წელთან შედარებით 10 პოზიციით (2016 წელს: 23-ე ადგილი), ხოლო 2012 წელთან შედარებით 21 პოზიციით (2012 წელს: 34-ე ადგილი) გაუმჯობესდა.
საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების სტატუსი არის: „ძირითადად თავისუფალი“, ხოლო მისი მთლიანი ინდექსის ქულა 76-ს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 3,4-ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით 7 ქულით მაღალია.
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით რეგიონში (კლასიფიცირებულია ევროპის რეგიონად) მე-5 ადგილზეა და მას მხოლოდ ისეთი ქვეყნები უსწრებს, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, ესტონეთი და შვეიცარია. იმავე რეგიონში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის მიხედვით ისეთი განვითარებული ქვეყნები ჩამორჩებიან, როგორიცაა ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ლიტვა, დანია, შვედეთი, ლატვია, ისლანდია, ფინეთი, ნორვეგია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია და სხვ.
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით მეზობელ ქვეყნებსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა წარმომადგენლებს მნიშვნელოვნად უსწრებს. აღნიშნული ქვეყნებიდან რუსეთი 114-ე ადგილზე, თურქეთი - მე-60 ადგილზე, სომხეთი - 33-ე ადგილზე, აზერბაიჯანი - 68-ე ადგილზე, ყირგიზეთი - 89-ე ადგილზე, ყაზახეთი - 42-ე ადგილზე, უზბეკეთი - 148-ე ადგილზე, თურქმენეთი - 170-ე ადგილზე, უკრაინა - 166-ე ადგილზე, ბელორუსია - 104-ე ადგილზე, მოლდოვა კი 110-ე ადგილზეა.

















