პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით თვითმმართველობების ტრენინგი მიმდინარეობს.
სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად გადავიდა პროგრამულ დაგეგმარებაზე, რის შედეგადაც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშივე განისაზღვრება თითოეული პროგრამის განხორციელებით მოსალოდნელი შედეგები, რაც სახელმწიფო ფინანსების უფრო ეფექტურად მართვის საშუალებას იძლევა და საბიუჯეტო პროცესის გამჭირვალობას ზრდის. 2013 წლიდან პროგრამულ ბიუჯეტებზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებიც გადადიან.
ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის მიზნით თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისთვის ტრენინგებს ფინანსთა სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
სამდღიანი ტრენინგი კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულებისთვის დღეს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა გახსნა.
ტრენინგის ფარგლებში პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის მიზნით ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია და ინსტრუქციები განიხილება. მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორების სწორად ჩამოყალიბების მიზნით გაიმართება პრაქტიკული მეცადინეობები. სემინარის მონაწილეებს მიაწვდიან ინფორმაციას 2012 წელს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ.
ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული სემინარი აკადემიის სასწავლო კომპლექსში თვის ბოლომდე გაგრძელდება და ტრენინგს ყველა თვითმმართველი ერთეული გაივლის.

















