მებაჟე ოფიცრებმა მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის წევრ 180 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო
დღე აღნიშნეს. წელს, საბაჟოს საერთაშორისო დღე საერთო სლოგანით - ,,მონაცემთა ანალიზი საზღვრის ეფექტიანი მართვისთვის“ აღინიშნება.
საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონფერენცია, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. საქართველოს საბაჟოს საქმიანობა ფინანსთა მინისტრმა დადებითად შეაფასა და უწყების თანამშრომლებს, გაწეული სამუშაოსთვის, მადლობა გადაუხადა. „არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ ჩვენ, პრაქტულად, არ გაგვაჩნია კორუფცია. როდესაც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოთი, ვამბობთ, რომ ვართ სატრანზიტო ქვეყანა, ამ მიმართულებით, თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, საქართველოს საბაჟო თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მომსახურებით გამოირჩევა. საბაჟოს დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა, ასევე, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, იტალიისა და მოლდოვის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმღვანელმა პირებმა. შემოსავლების სამსხურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ხუნდაძემ კონფერენციის მონაწილეებს საბაჟო დეპარტამენტის წლიური ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით, საქართველოს მთავრობის, ბიზნეს სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკებს შორის, ჩარჩო ფორმატის მემორანდუმი გაფორმდა.
სამსახურეობრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულების, გაწეული შრომისა და თავდადებისათვის, ღირსების მოწმობები გადაეცათ შემოსავლების სამსახურის 15 თანამშრომელსა და 3 სახელმწიფო უწყებას: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. ღირსების მოწმობებით დაჯილდოვდა ასევე, რამდენიმე კერძო კომპანიაც.
კონფერენციის დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა და სამსახურის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, თურქეთისა და იტალიის საბაჟო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან.

















