საქართველოს მთავრობის უახლოესი პერსპექტივის მთავარი ამოცანა ფერმერთა მომსახურების ცენტრების მეტი ტრაქტორითა და სხვა ტექნიკით აღჭურვაა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მან გასულ კვირაში პრეზიდენტის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მისი დროის ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროექტებს დაეთმო.
„ვფიქრობთ, საინტერესო იყო ის ტურები, რომლებიც შიდა ქართლსა და სამეგრელოს მოსახლეობასთან ერთად გაიმართა და რომელშიც პრეზიდენტიც მონაწილეობდა. ამ ღონისძიებების მიზანია გლეხები სფეროში დანერგილ სიახლეებს გაეცნონ“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ფერმერთა მომსახურების ცენტრები უკვე რამდენიმე რეგიონში ფუნქციონირებს, მათ შორისაა ზესტაფონი, აბაშა, ახალციხე, გურჯაანი და მარნეული.
მანჯგალაძის განმარტებით, აღნიშნულ ცენტრებში ტექნიკასთან ერთად განთავსებულია ლაბორატორიები; ასევე, გლეხებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ, პროფესიონალთა რჩევები და რეკომენდაციები.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობა საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

















