საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი 2012 წლის პირველ 5 თვეში 19-20%-ით გაიზარდა.
ამ პერიოდის მაკროეკონომიკური აქტივობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც გილაურმა აღნიშნა, იანვარ-მაისში იმპორტი 21-22%-ით გაიზრდა, ხოლო ექსპორტში - 12-13%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაისში ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ექსპორტი წინა წლებთან შედარებით, ნაკლები ტემპით იზრდება, თუმცა, ეს ტემპი მაინც საკმაოდ მაღალია“ - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში 6,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც, მისი თქმით, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და შესაძლოა, მსოფლიოშიც თუ, მისივე თქმით, არსებულ არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ.

















