ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ევროპიდან პირველი ჩარტერული რეისი შესრულდება.
ვარშავა-ბათუმის თვითმფრინავი აეროპორტში 13:30 საათზე დაეშვება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აღნიშნავენ, რეისი დეპარტამენტისა და პოლონური ტურისტული კომპანიის „იტაკას“ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად იმ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაინიშნა, რასაც ტურიზმის დეპარტამენტი პოლონეთში ახორციელებს.
ჩარტერული რეისები სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს განხორციელდება. თითოეული რეისი ბათუმში 120-160 პოლონელ ტურისტს ჩამოიყვანს.
სპეციალურად პოლონეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის ფოლკლორშოუ მოეწყობა, მათ საშუალება ექნებათ ქართული ღვინო და ტრადიციული ტკბილეული დააგემოვნონ.

















