ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2012 წლის I კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 8.1, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ – 4.1 მილიარდი ლარი
შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება - მსხვილი ბიზნესის წილი მთლიან ბრუნვაში 83.7 პროცენტს შეადგენს, საშუალო ბიზნესზე 6.7 პროცენტი მოდის, ხოლო მცირე ბიზნესის წილი 9.6 პროცენტია.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტალის განმავლობაში 6.4, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 4,2 მილიარდი ლარი შეადგინა.
2012 წლის პირველ კვარტალში საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 470 ათასი ადამიანი იყო, რომელთაგან 38.8 პროცენტი ქალია, ხოლო 61.2 პროცენტი - კაცი.
საწარმოებში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ კი 445.6 ათასი კაცი შეადგინა.
საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 932.3 მილიონი ლარი იყო, საშუალო ხელფასი თვეში კი, ბიზნეს სექტორში - 690.9 ლარი.

















