ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დელეგაცია ჩინეთის სახალხო და კორეის რესპუბლიკებში ვიზიტს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინის საღამოები გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ საინვესტიციო სააგენტოდან აცნობეს, ალკოჰოლური სასმელების ასორტიმენტს სხვადასხვა კომპანიები წარმოადგენენ, მათ შორის, ”ასკანელი ძმები”, ”ბაგრატიონი”, ”კახური ტრადიციული მეღვინეობა”, ”ქინძმარაულის მარანი” და ”თბილღვინო”.
სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივნისს ჰონგ-კონგში ღვინის საღამოს ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტი დებორა მეიბურგი გახსნის, რომელიც ბიზნესმენებს და მასმედიის წარმომადგენლებს ქართული ღვინის უპირატესობებს გააცნობს.
იმავდოულად, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის კუთხით საქართველოს პოტენციალზე ისაუბრებს.
ქართული ღვინისა და პროდუქციის სადეგუსტაციო მიღებები 12 ივნისს სეულში გაგრძელდება. საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით, ქართველ მწარმოებლებს და მიწვეულ იმპორტიორებს შორის პირისპირ შეხვედრებიცაა დაგეგმილი.

















