საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დღეს სტამბოლში გაემგზავრება, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში, გილაური თავის თურქ კოლეგას რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდება.
დღესვე, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბელგიაში, ბრიუსელში საშინაო საქმეებში ევროკომისარს სესილია მალმსტრომს შეხვდება.
ვაშაკიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგი დაიწყება.
„სავიზო დიალოგის გახსნა საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ნაწილს წარმოადგენს და მიზნად ისახავს შესაბამისი სამოქმედო გეგმის აღსრულების საფუძველზე სამომავლოდ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას“ - აღნიშნა ვაშაკიძემ.

















