საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და მოლდოვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დორინ დრაგატანუმ დღეს
ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
როგორც ხელმოწერის ცერემონიაზე აღინიშნა, საქართველოსა და მოლდოვას ცენტრალურ ბანკებს შორის შეთანხმების მიზანი ორი ქვეყნის საფინანსო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
გიორგი ქადაგიძის თქმით, მემორანდუმის მიზანი ასევე, კომერციული ბანკებისა და ბიზნეს სტრუქტურების დაახლოებაა, რაც მოლდოვას ბაზრის ათვისებას და ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.
„დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი არა მხოლოდ ორ უწყებას, არამედ, ორი ქვეყნის საფინანსო და საბანკო სექტორებს შორის გაფორმდა. ჩვენ ამით ბიზნესის დაახლოებას და ერთობლივი პროექტების ინიცირებას შევუწყობთ ხელს“ - განაცხადა ქადაგიძემ.
შეთანხმების თანახმად, მხარეები თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოსა და მოლდოვას საბანკო და საფინანსო ინსტიტუტებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების ვალდებულებას იღებენ.
მემორანდუმი ასევე, კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით ინფორმაციის გაცვლაზე შესაძლო შეზღუდვებს ითვალისწინებს.

















