საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაცია დღეს დისკუსიას გამართავენ, რომელშიც მონაწილეობას
დარგის ექსპერტები, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლები, ბუღალტრები, ფინანსისტები მიიღებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ფედერაციიდან აცნობეს, დისკუსიის თემა „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ“ კანონპროექტი იქნება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ შემუშავებული „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ“ კანონპროექტის ბევრჯერ დაწუნებული ვარიანტის ახალი რედაქცია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში განიხილავს.
საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაცია აღნიშნულ კანონპროექტში პროფესიული განვითარების სერიოზულ საფრთხეებს და ვიწრო წრის ინტერესების ლობირებას ხედავს.
ფედერაციის წევრთა აზრით, კანონპროექტი კულისებში, სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობის გარეშე მუშავდებოდა, შესაბამისად, ის დარგის სპეციალისტების, ექსპერტების, პრაქტიკოსების, სხვა კომპეტენტური პროფესიული ორგანიზაციების მოსაზრებებს არ გამოხატავს. მათი თქმით, კანონპროექტი არსებით ხარვეზებს შეიცავს და ევროკავშირის დირექტივებთანაც წინააღმდეგობაშია. ამდენად, მისი ასეთი სახით მისი მიღება დაუშვებელია.
ფედერაცია საკანონმდებლო ორგანოს სთხოვს, ნაჩქარევად არ მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი, რადგან ის ეკონომიკის სფეროს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

















