საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თურქეთის ვიცე-პრემიერ ბიულენ არინჩთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საკითხები განიხილა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა და თურქეთის ვიცე-პრემიერმა მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც გილაურმა აღნიშნა, საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ. მისი თქმით, თურქეთი საერთაშორისო არენაზე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ამასთან, ის საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია.
გილაურის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი ისეთ ერთობლივ პროექტებსაც შეეხო, როგორიცაა - ბაქო-თბილისი-ერზრუმი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. როგორც მან აღნიშნა, ისინი რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებია.
გილაურის თქმით, მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს, მათ შორის, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობაზე.
პრემიერის განმარტებით, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა უახლოესი წელიწადნახევრის განმავლობაში დასრულდება და ის აზიას და ევროპას დააკავშირებს.
„ეს იქნება შუა აზიისა და ჩინეთის სავაჭრო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგისტრალი თურქეთთან, ევროპასთან და არაბულ სამყაროსთან“-აღნიშნა მან.
რაც შეეხება მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს, მისი მშენებლობის პირველი ეტაპი წელს დასრულდება. როგორც გილაურმა აღნიშნა, მისი მეშვეობით საქართველოსა და თურქეთის ელექტროენერგიის ქსელები ერთამენთს დაუკავშირდება, რაც საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალებას მისცემს.
გილაურმა საქართველოში თურქულ ინვესტიციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, თურქული კომპანიები საქართველოს ეკონომიკაში 1 მლრდ დოლარზე მეტს აბანდებენ. ისინი ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროთი არიან დაინტერესებულნი, თუმცა, თურქული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე მოდის.
თავის მხრივ, თურქეთის ვიცე-პრემიერმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. ბიულენ არინჩის თქმით, ეს ურთიერთობები სათავეს ისტორიული წარსულიდან იღებს. მისი განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს არც ერთი პოლიტიკური პრობლემა არ აქვს.
„თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასკენ“-განაცხადა არინჩმა.
მისივე თქმით, თურქეთი არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს და ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესვლა პასპორტის გარეშე, პირადობის მოწმობით შეუძლიათ.
თურქეთის ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთს შორის მომავალშიც უფრო ინტენსიური გახდება.

















