საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს გადახედოს ქვეყანაში არსებული დაცული ტერიტორიების საკითხს, რათა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელი არ შეეშალოს.
ამის შესახებ დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნის და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, რომელიც კოლხეთის დაცული ტერიტორიიდან 842,4 ჰექტარი ფართობის მიწის გამიჯვნას ითვალისწინებს.
როგორც ბობოხიძემ განაცხადა, აღნიშნული ფართობი მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაა, სადაც ეკონომიკური საქმიანობა დაშვებულია და ცვლილების განხორციელების შემდეგ, იქ ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება.
კერძოდ, საუბარია ფოთი-ანაკლიის შემაერთებელი დაახლოებით 15 კილომეტრიანი საავტომობილო გზისა და საკურორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე.
„ჩვენთვის ბუნება არ არის მეორეხარისხოვანი, მაგრამ მოსახლეობაზე და ქვეყნის განვითარებაზე უპირველეს ყოვლისა ვზრუნავთ. ამიტომ, ხელისუფლებას მოუწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შესაძლოა ვიღაცას არ მოეწონოს“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ეს ცვლილება საჭიროა, ასევე, ინვესტიციის მოსაზიდად, რადგან ინვესტორები უარს აცხადებენ საქმიანობის დაწყებაზე, თუ ტერიტორტია დაცულია.
„ამჟამინდელ ხელისუფლებას თუ არა, მომავალს მაინც მოუწევს არსებულ დაცულ ტერიტორიებს გაფართოების ან შემცირების თვალსაზრისით გადახედოს“ – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, დრო იცვლება და ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება უყველა დროისთვის მისაღები იყოს.

















