გერმანია საქართველოს 57 მილიონ ევროს გამოუყოფს, საიდანაც ნაწილი გრანტია, ნაწილი - შეღავათიანი სესხი. ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა დირკ ნიბელმა დღეს შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
გილაურის თქმით, აღნიშნული 57 მლნ. ევროდან 5 მილიონი დაცული ტერიტორიების განვითარებას მოხმარდება, 7 მილიონი ბათუმში სანიაღვრე და წყლის სისტემების პროექტს, 25 მილიონი ჰესების მშენებლობისა და განახლებადი ენერგიის პროგრამების ხელშეწყობას, ხოლო დარჩენილი 20 მილიონი მყარი ნარჩენების მართვის პროექტებზე დაიხარჯება.
გილაურმა გერმანიის ეკონომიკური უწყების მიერ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას.
პრემიერის თქმით, ამ პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი თანხა სწორედ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ KFW -ს მეშვებით გამოყო.
მისივე თქმით, ამ უწყების პორტფოლიოში ბათუმის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსებაც შედის.
როგორც გილაურმა აღნიშნა, სულ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროს საქართველოსთვის 400 მლნ. ევრო აქვს გამოყოფილი.
დირკ ნიბელის განცხადებით, გერმანელი ხალხის დამსახურებაა, რომ აღნიშნული თანხები საქართველოს ეკონომიკაში იდება.

















