სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ ქვემო ქართლის რეგიონში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით
მიმდინარე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული ხიდი მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარაში მდებარეობს და ის ცხვრის გადასარეკი ტრასის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენს.
ხიდის სიგრძე 36 მეტრს შეადგენს, სიგანე კი - 4 მეტრია. დღეისთვის, ხიდს 10 000-მდე მეცხვარე და ადგილობრივი მაცხოვრებელი იყენებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სიძველისა და დაზიანებების გამო მისი გამტარიანობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია, რაც ზამთრისა და ზაფხულის საძოვრებზე ცხვრისა და საქონლის გადაადგილებას აფერხებს.
„სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, ხიდის სავალი ნაწილების რეაბილიტაცია და განაპირა დამცავი ბურჯების დაზიანებული ნაწილების განახლება მოხდება. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება.

















