საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში, ქართველი დიზაინერებისა და ტანსაცმლის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციას USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა, თბილისის მოდის კვირეულის ორაგიზატორები და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო მასპინძლობენ.
კონფერენციაში ქართველი დიზაინერები და ადგილობრივი სამკერვალო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიება ტანსაცმლის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, დიზაინერებსა და მეწარმეებს შორის თანამშრომლობის სტიმულირებას ეძღვნება.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს საინვესტიციო სააგენტოდან აცნობეს, ეს არის პირველი კონფერენცია, რომლის ამოცანას ქართველი დიზაინერებისთვის ქვეყანაში ტანსაცმლის წარმოების სექტორში არსებული შესაძლებლობების დემონსტრირება წარმოადგენს.
მათი განმარტებით, ქართველი დიზაინერები ძირითადად მაღალი საფასო სეგმენტის პროდუქციას ყიდიან მაღაზიებში მცირე მოცულობით, მაშინ, როდესაც ადგილობრივ საწარმოებს აქვთ ტანსაცმლის მასობრივი წარმოების შესაძლებლობა. აღნიშნული სამკერვალო ფაბრიკები თანამშრომლობენ ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიც არის - Zara,Tommy Hilfiger, Marks & Spenser, Mexx, Next, Puma, Zara, Koton, Lebek და სხვა.
კონფერენციის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ქართველ დიზაინერებსა და ტანსაცმლის ადგილობრივ მწარმოებლებს შორის თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას ადგილობრივი ბრენდები საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის, რაც სარგებელს მოუტანს როგორც დიზაინერებს, ასევე ტანსაცმლის მწაროებელ კომპანიებს. ეს კი, თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც ეროვნული წარმოების განვითარებას, ასევე იმპორტის ჩანაცვლებას, ექსპორტის ზრდას და ადგილობრივი ბრენდების პოპულარიზაციას.

















