„რუსთავის ავტობაზრობის“ ინფრასტრუქტურას სასტუმრო და რესტორანი „უკრაინკა“ შეემატება.
ავტობაზრობის მენეჯმენტის ცნობით, სასტუმროსა და რესტრონის გახსნა დღეს იგეგმება.
ახალ სასტუმროში 63 ნომერია, პირველ სართულზე კი განთავსებულია უკრაინული რესტორანი და სწრაფი კვების ობიექტი, სადაც სტუმრებს, როგორც უკრაინული, ისე ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება შეეძლება.
ამასთანავე, რუსთავის ავტობაზრობამ, სპეციალური ეკონომიური პაკეტი შექმნა, რომლის ფარგლებშიც სტუმარს ნომრის დაქირავება ნახევარი დღითაც შეეძლება.
„ჩვენ საგანგებოდ შევქმენით პაკეტი „ნახევარი დღე“. ეს სერვისი განსაკუთრებით მათთვის იქნება ხელსაყრელი, ვინც საქართველოში მოკლე ხნითაა ჩამოსული, სურს გამგზავრებამდე დარჩენილი დრო, მშვიდ კომფორტულ გარემოში გაატარის და ნაკლები გადახადოს“- განაცხადა ავტობაზრობის გენერალურმა დირექტორმა ევგენი უსტინოვმა.
ავტობაზრობის ინფორმაციით, „პრივატბანკმა“ ბოლო პერიოდში ბაზრობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში 25 მილიონი აშშ დოლარი დააბანდა, სულ კი - განხორციელებული ინვესტიცია 40 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
რუსთავის ავტობაზრობა 22 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული. ტერიტორიაზე 10 ავტოგასამართი ბოქსი ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს ადგილზე შეამოწმოს და შეაკეთოს ავტომანქანა. სავაჭრო დღეებში რუსთავის ავტობაზრობაზე მომხმარებლის ოდენობა 25 ათასს უტოლდება.

















