რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ლევან ჭიჭინაძე და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ახმედ ეივეიდა ბიზნესმენებს შეხვდნენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამა განიხილეს, რომელიც კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამისთვის მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ 12,5 მლნ აშშ დოლარი გამოყო.
აღნიშნული პროექტი მომიჯნავე ინფრასტრუქტურის განვითარებას -გზის გაყვანას, წყლითა და კანალიზაციით უზრუნველყოფას, დენის მუდმივი წყაროს შექმნას, ბუნებრივი აირის მიყვანას, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების პრეზენტაციაც გაიმართა.
ნიკოლაიშვილის უწყების ინფორმაციით, ბიზნესწინადადებების ელექტრონული რეგისტრაცია საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე უკვე დაწყებულია.
რეგისტაცია უფასოა და დარეგისტრირება როგორც ქართველ, ისე უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ. პირველი ეტაპის რეგისტრაცია 31 მაისს დასრულდება.

















