ვაჭრობის, ეკონომიკურ და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-11 შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ექსპერტები ესწრებოდნენ. სხდომას საქართველოს მხრიდან, სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თეა ახვლედიანი თავმჯდომარეობდა, ხოლო ევროპული მხრიდან - ევროკომისიის ვაჭრობის საკითხების გენერალური დირექტორატის ევროპის და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსის მოადგილე ფილიპ კუისონი.
შეხვედრაზე მხარეებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს. მათ საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სფეროებში მაკროეკონომიკური მდგომარეობაც განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონასთან დაკავშირებულ თემებზე. მხარეები აღნიშნული მიმართულებით მოლაპარაკებების დაწყებასაც მიესალმნენ.
ევროკავშირის მხარემ საქართველოს მიერ მოსამზადებელ ეტაპზე განხორციელებული სამუშაო დადებითად შეაფასა და ამ კუთხით რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
სხდომაზე მხარეებმა ასევე შემდგომ ღონისძიებებსა და ევროკავშირის შესაძლო მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
ვაჭრობის, ეკონომიკურ და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტი ევროკავშირთან თანამშრომლობის პოლიტიკური დიალოგის ერთ–ერთ ფორმატია ექსპერტების დონეზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება.

















