ექსპერტი ქეთევან ლაფაჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონკურენციის პოლიტიკა არც საერთაშორისო სტანდარტებს და არც ქვეყნის შიდა საჭიროებებს შეესაბამება.
როგორც ექსპერტმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის რეფორმა უკანასკნელი წლების განმავლობაში გარკვეულწილად უკვე განხორციელდა. ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნით, კონკურენციის სააგენტო შეიქმნა, თუმცა, ლაფაჩის შეფასებით, ეს მხოლოდ ფორმალური ნაბიჯებია, რომელიც რეალურად კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს.
„კონკურენციის სფეროში საერთაშორისო წესები და პრინციპები სახელმწიფოებს ავალდებულებს მიიღონ, სრულყონ და განახორციელონ კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი კანონები, არ დაუშვან დისკრიმინაციული მიდგომები არსებული სუბიექტების მიმართ და სასაქონლო ბაზრებზე უზრუნველყონ მათი ეკონომიკური მეტოქეობისთვის შესაბამისი პირობები. რამდენად უზრუნველყოფს ჩვენი დღევანდელი პოლიტიკა, კანონები და მისი აღმასრულებელი ინსტიტუტი ამ ყველაფერს, საზოგადოებამ გადაწყვიტოს“-აღნიშნა მან.
ექსპერტის განცხადებით, კონკურენციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც 2011 წლის სექტემბერში იყო ინიცირებული, სტრუქტურული ელემენტების თვალსაზრისით საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა, მისი დეტალური ანალიზის შემდეგ იკვეთება, რომ ის კონკურენციის ყოვლისმომცველ სტრატეგიასთანაც კი წინააღმდეგობაში მოდის.
ექსპერტის აზრით, კონკურენციის პირობების გაჯანსაღებისთვის აუცილებელია ცხადი და აღსრულების თვალსაზრისით გამჭვირვალე წესების არსებობა, რომელიც საქართველოს ბაზარზე კონკურენციის დაცვასა და განვითარებას უზრუნველყოფს. ლაფაჩის აზრით, ასევე, საჭიროა შესაბამისი ინსტიტუტის შექმნა და განვითარება, რომელიც ყოველგავარი სამთავრობო ჩარევებისგან თავისუფალი იქნება.

















