ექსპერტი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ საქართველოში ბიზნესგარემოს კუთხით ბევრი პრობლემა დაგროვდა. ამის შესახებ მან „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა.
კვლევის - „ბიზნეს გარემოს მდგომარეობა და კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში“ პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი იზდება, თუმცა, მშპ-ს სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი სახელმწიფო სექტორს უჭირავს და მისი ზრდა უცხოური კრედიტებით და დახმარებებით არის წახალისებული.
მისივე თქმით, რეალური სექტორის - მრეწველობის, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ს მოცულობაში სტაბილურად მცირდება.
ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვნად იკლებს კერძო სექტორის წილი მშპ-ში.
ნარმანიას თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების მოცულობა და ბრუნვა ეკონომიკაში ძალიან დაბალია.
„თუ ხელისუფლება ამბობს, რომ მშპ იზრდება, ეს უპირველეს ყოვლისა ორ რამეზე უნდა აისახოს - დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე, რომელიც ბოლო წლებში მცირდება კიდეც და სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე, რასაც ადგილი არ ჰქონია“-განაცხადა ნარმანიამ.
მისი განმარტებით, ბიზნესსექტორის განვითარებას აფერხებს საბანკო კრედიტების ხელმისაწვდომობის პრობლემა, გადასახადების რთული ადმინისტრირება და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არარსებობა.

















