საარსებო მინიმუმმა საქართველოში მიმდინარე წლის აპრილში 154.1 ლარი შეადგინა. სწორედ აღნიშნულ მაჩვენებელზე განსაზღვრა სტატისტიკის სამსახურმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის ოდენობა აპრილისთვის.
საქსტატის ინფორმაციით, მარტის თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 155.3 ლარი იყო, ხოლო გასული წლის აპრილში 163.2 ლარი.
ამასთან, მიმიდნარე წლის აპრილში 135 ლარსა და 50 თეთრს შეადგენდა ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, ორსულიანი ოჯახის 218.4 ლარს, სამსულიანის - 245.7 ლარს, ხოლო ექვსულიანის და მეტის 363.1 ლარს.
2004 წლიდან „საქსტატი“ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის #111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ახორციელებდა.

















