საკარანტინო მავნებლის – თეთრი პეპელას საწინააღმდეგო ღონიძიებების კოორდინაციის მიზნით, ფოთში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური შტაბი იმუშავებს.
საკოორდინაციო შტაბის გახსნას დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია დაესწრო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საორგანიზაციო შტაბი სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში მავნებლის წინააღმდეგ ჩასატარებელი სამუშაოების ოპერატიულ დაგეგმვასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს. ასევე, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო ფლაერების გავრცელება იგეგმება.
სოფლის მეურნეობის უწყების განმარტებით, დასავლეთ საქართველოში გავრცელებული თეთრი პეპელა საშიში საკარანტინო მავნებელია. ის 300–ზე მეტი დასახელების მცენარეს აზიანებს. მავნებლის რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად გავრცელების შემთხვევაში მცენარე იღუპება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის პირველი და მეორე თაობის წინააღმდეგ ქიმიურ წამლობას განახორციელებს, ხოლო მუნიციპალიტეტებს ადგილობრივ მოსახლეობაში დასარიგებლად შესაწამლ პესტიციდებს გადასცემს.

















