ეგვიპტელი ბიზნესმენები საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან. ამ მიზნით სასტუმრო „რედისონში“ საქართველო ეგვიპტის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი მატკავამ განაცხადა, საქართველოს მთავრობა ინვესტიციების მოსაზიდად მუშაობას აგრძელებს. დღევანდელი ბიზნესფორუმის მიზანი სწორედ პოტენციური ინვესტორების საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესებაა.
„ეგვიპტელ ბიზნესმენებს ქვეყნის შესაძლებლობებს გავაცნობთ, ავუხსნით, რომელი სექტორებია საინტერესო და რა უპირატესობები აქვს საქართველოში ბიზნესის კეთებას სხვა ქვეყნებთან შედარებით“-აღნიშნა მატკავამ.
მისივე თქმით, ეგვიპტელი ბიზნესმენები ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტული ბიზნესპროექტები შეთანხმდება.
ეგვიპტელ ბიზნესმეთა დელეგაციას ალექსანდრიის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე მოჰამედ ბაჰაა გჰატვარი ხელმძღვანელობს. ბიზნესფორუმზე 10-მდე ეგვიპტური კომპანიაა წარმოდგენილი. ფორუმის ორგანიზატორი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და დამსაქმებელთა ასოციაცია არიან.

















