თბილისში დღეს საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმი გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ფორუმში მონაწილეობას ქალაქ ალექსანდრიის ბიზნესმენთა დელეგაცია მიიღებს. იგი სასტუმრო „რედისონში“ ჩატარდება.
ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა გახსნის.
ეგვიპტის ბიზნესდელეგაციის შენადგენლობაში ფარმაცევტიკის, სამრეწველო, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინჟინრო და საკონსულტაციო სექტორების წარმომადგენლები შედიან. მათი მიზანი საქართველოში ბიზნეს პარტნიორების მოძიება და საქმიანი ურთიერთთანამშრომლობის დამყარებაა.
დღის მეორე ნახევარში ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი სექტორების მიხედვით პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან მოლაპარაკებები გამართონ.
საქართველოში ალექსანდრიის ბიზნესმენთა ვიზიტი 20 მაისადმე გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ეგვიპტელი ბიზნესმენები საქმიან შეხვედრებს, როგორც ქართული ბიზნესსექტორის, ისე სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებთან გამართავენ.

















