საქართველოში საბაზრო ეკონომიკის დარღვეულ პრინციპებზე განცხადება დღეს, კონფერენციაზე „კაპიტალიზმის ფერები: დისკუსია საქართველოს მომავალზე“, პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა გააკეთა.
პეტრიაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებობს მონოპოლიები და ქვეყნის ეკონომიკური დოვლათი მათ ხელში იყრის თავს.
პროფკავშირების ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასის მაჩვენებელი იზრდება, თუმცა, ის საზოგადოებაში სამართლიანად არ არის გადანაწილებული. ამის მაგალითად მან „საქართველოს რკინიგზა“ მოიყვანა, სადაც, მისი თქმით, თანამშრომელთა საშუალო ხელფასი 300 ლარია, ხოლო ხელმძღვანელების ანაზღაურება - რამდენიმე ათეულ ათასი.
მისი განცხადებით, ქვეყანაში დასაქმებულთა ხელფასი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.
პროფკავშირების თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრობლემების სათავე ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის არარსებობაა.

















