საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვის სპეციალიზაციის ინიციატივით გამოდის.
შესაბამისი კვლევის „საგადასახადო დავების გადაწყვეტის ეფექტური ინსტიტუტები-საგადასახადო სასამართლოები და ალტერნატიული გზები“ პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა.
როგორც კვლევის ავტორმა ალექსანდრე სუხიშვილმა განაცხადა, შეისწავლეს გერმანიის, დანიისა და აშშ-ს პრაქტიკა, კერძოდ, როგორ ხდება ამ ქვეყნებში საგადასახადო და საბაჟო დავების გადაჭრა და რა უპირატესობა აქვს სასამართლოში დავის განხილვისას საგადასახადო კუთხით სპეციალიზებას.
მისი თქმით, ასოციაცია მოკლევადიანი რეფორმის ფარგლებში საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში დამოუკიდებელი კოლეგიების შექმნის რეკომენდაციით გამოდის.
„დღეს არის სამი - სამოქალაქო საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გამოეყოს საბაჟო და საგადასახადო დავები და შეიქმნას საგადასახადო და საბაჟო საქმეთა პალატა“-განაცხადა სუხიშვილმა.
მისივე განცხადებით, ამ გზით შესაძლებელი იქნება საგადასახადო საქმეთა სპეციალიზება, ამავე დროს, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით პრაქტიკა დაგროვდება.
რაც შეეხება გრძელვადიან რეფორმას ასოციაციის ინიციატივაა, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სადაც საქმეების განხილვა იგივე ფორმით მოხდება, რა ფორმითაც საერთო სასამართლოში.
სუხიშვილის თქმით, ამ ორგანოში სამი არბიტრი შევა, რომლებიც მხოლოდ საგადასახადო და საბაჟო კატეგორიის დავებს განიხილავენ. მათ როგორც სახელმწიფო ისე არასამთავრობო სექტორი წარადგენს, კერძოდ, მოსამართლეთა 1/3-ს აღმასრულებელი ხელისუფლება, 1/3-ს სახალხო დამცველი, ხოლო 1/3-ს არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ.
„ამ გზით დაბალანსდება სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის ინტერესები“-განაცხადა სუხიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება პირდაპირ უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს შესაძლებელი, რისთვისაც საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებაა საჭირო.

















